Belive

გიორგი გოჩოლეიშვილი: "პარკენზე დებიუტი ფანტასტიკურია, ეტაპობრივად ჩემს თამაშს გავაუმჯობესებ"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი გოჩოლეიშვილმა, დანიური ფეხბურთის გრანდ, "კოპენჰაგენში" თავისი დებიუტი შეაფასა.

"ჩემი თანაგუნდელები ძალიან კარგად შემხვდნენ და ნამდვილად დამეხმარნენ ადაპტაციაში, ამისათვის მათ მადლობას ვუხდი.

საკუთარი თამაშით სრულად კმაყოფილი არ ვარ. არის რაღაცები რაც ნამდვილად უნდა გაუმჯობესდეს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია და გამარჯვებების კარგი სერია უნდა გავაგრძელოთ.

"პარკენზე" თამაში ფანტასტიკური გამოდგა. ამ სტადიონზე ბევრი მსმენია და ვიცი აქაური გულშემატკივრობის შესახებ, რაც ნამდვილად ვიგრძენი და მადლობა ყველა ქომაგს გვერდში დგომისთვის", - ამბობს ქართველი ფეხბურთელი.

23 წლის ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც დაცვასა და შეტევაში ორივე ფლანგზე წარმატებულად თამაში შეუძლია, დონეცკის "შახტარმა" ერთწლიანი იჯარის წესით დანიის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდში გაანათხოვრა. მისი დებიუტი უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩეხურ "ოსტრავასთან" მოგებულ (1:0) საშინაო შეხვედრაში შედგა, რომელშიც მე-10 წუთზე ჩაერთო. საპასუხო მატჩი 15 აგვისტოს შედგება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. იქამდე, 11 აგვისტოს, გუნდი დანიის სუპერ ლიგაში მეოთხე ტურის მატჩს, "სონდერსკიესთან" სტუმრად გამართავს. ჩემპიონატში 7 ქულით დედაქალაქელები თანალიდერის პოზიციაში არიან.

სხვა სტატიები