Belive

გიორგი გოჩოლეიშვილი: "კოპენჰაგენში ბედნიერი ვარ, ასეთი გარემო არსად მინახავს"

19 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "კოპენჰაგენის" ფლანგის ფეხბურთელმა, გიორგი გოჩოლეიშვილმა დანიურ მედიასთან ინტერვიუ ჩაწერა და სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა.

"მახსოვს როგორ გამიხარდა სადებიუტო დერბიში გამარჯვება, ეს აბსოლუტურად ფანტასტიკური ამბავი გამოდგა. მოედანზე გასვლა და გულშემატკივრების ყურება ძალიან მაბედნიერებს.

უკრაინაში ყოფნის დროს ძალიან რთული ვითარება გამოვიარეთ, ყოფილა შემთხვევები, როცა მატჩი საჰაერო თავდასხმის შესახებ გაფრთხილების გამო შეწყვეტილა. ამის გამო ზოგჯერ მატჩები 3 ან 4 საათის განმავლობაში გაწელილა.

ამავე დროს, საკუთარი ოჯახის უსაფრთხოებაზე ფიქრი გიწევს მაშინ, როცა შენ ვარჯიშზე ხარ.

უკრაინელ ადამიანებს დიდ პატივს ვცემ და იმედი მაქვს ყველაფერი მალე ისევ კარგად იქნება.

დანიაში შიში აღარ მაქვს, აქ ცხოვრება ბევრი რამის გამო ძალიან კარგია. როცა მეუღლე სახლშია, მე კი ვარჯიშზე ამაზე აღარ ვნერვიულობ.

"კოპენჰაგენში" ისეთი გუნდური გარემო და სულისკვეთებაა, რომელიც არსად გამომიცდია. ჩვენ მოედანზეც და მის მიღმაც ერთმანეთის გვერდით ვდგავართ.

ჩვენი მთავარი მწვრთნელი იაკუბ ნეესტროპი ჯერ ძალიან კარგი ადამიანია, შემდეგ კი პროფესიონალი. ეს ბევრს მეტყველებს იმის შესახებ, თუ რა გარემოა "კოპენჰაგენში".

არ ვიცი, აქ რამდენიმე წელს გავატარებ თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, "კოპენჰაგენში" თავს ბედნიერად ვგრძნობ და იმედი მაქვს, გულშემატკივარს ბევრი გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარები", - ამბობს გიორგი გოჩოლეიშვილი.

საქართელოს ნაკრების 23 წლის ფეხბურთელს ამ სეზონში, "კოპენჰაგენში" 21 მატჩში 2 საგოლე პასი აქვს გაკეთებული. გუნდი დანიის ჩემპიონატში ლიდერია, კონფერენს ლიგის პლეი-ინში კი ბუდუ ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" უნდა შეხვდეს.

სხვა სტატიები