გიორგი აბუაშვილი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი აბუაშვილი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს.
ევროპის ტოპ 5 ლიგაში ახალი სეზონიდან კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს, ლიგა 1-ში მეოთხე, უშუალოდ მეცში კი მეორე.
რამდენიმე დღის წინ, მეცმა გიორგი წიტაიშვილის ერთწლიანი იჯარით დამატება დაადასტურა, ახლა კი Geo Team-ის ინფორმაციით, მეცი კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტს გააფორმებს. 22 წლის ქართველი ფეხბურთელი მეცთან ერთწლიან საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს და ევროპულ გუნდს მისი ფოთის კოლხეთი 1913-დან გამოსყიდვის უფლება ექნება.
გიორგი აბუაშვილი დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია, კარიერის განმავლობაში პორტუს ბ გუნდში, რუმინულ პეტროლულსა და ფოთის კოლხეთი 1913-ში უთამაშია.
ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს 2025 წელს კარიერის გამორჩეული პერიოდი აქვს: ეროვნულ ლიგაში გატანილი 8 გოლით მეორე საუკეთესო ბომბარდირია და ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა, სადაც ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო გოლიც გაიტანა.