Belive

განახლებული რეიტინგი - ტერაშვილის და ჩხვიმიანის დიდი აღმასვლა, თუშიშვილი მეორეა

2 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
ანტალიის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, IJF-მ (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ) რეიტინგი განაახლა.
  • -60 კგ - ანტალიის გრანდ სლემზე, -60 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების სახელით ჯაბა პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი ასპარეზობდნენ. ლუხუმ ჩხვიმიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ჯაბა პაპინაშვილი კი უმედლოდ დარჩა. ვერცხლის მედლის შედეგად მოპოვებული ქულებით, ჩხვიმიანმა რეიტინგში 12 საფეხურით აიწია და მე-8 ძიუდოისტი გახდა. 1/4 ფინალში გასვლისთვის სარეიტინგო ქულები მიიღო ჯაბა პაპინაშვილმაც, რომელმაც 11 საფეხურით წინ წაიწია და მე-11 ძიუდოისტია.

  • -73 კგ - ყველასთვის მოულოდნელად, -73 კგ წონით კატეგორიაში, ანტალიის გრანდ სლემის გამარჯვებული - გიორგი ტერაშვილი გახდა, რომელიც უფროსებში, საქართველოს ნაკრების სახელით, ტატამზე მეორედ გამოდიოდა. გიორგიმ შესანიშნავად წარმოადგინა თავი და 19 წლის ასაკში პირველი გრანდ სლემიც მოიგო. ამ გამარჯვებით ქართველმა ფალავანმა სარეიტინგო ქულები მოიპოვა და მსოფლიო რეიტინგში 72 პოზიციით წინ აიწია. მას ახლა 1252 სარეიტინგო ქულა აქვს და მსოფლიო რეიტინგის 29-ე ნომერია.

  • -81 კგ - -81 კგ წონით კატეგორიაში გიორგი შერაზადიშვილი ასპარეზობდა, რომელიც ასპარეზობას 1/4 ფინალში გამოეთიშა, თუმცა მან სარეიტინგო ქულები მაინც მოაგროვა და მსოფლიო რეიტინგში 48-ე პოზიციიდან მე-40 ადგილზე გადაინაცვლა.

  • -90 კგ - ანტალიის გრანდ სლემზე, -90 კგ წონით კატეგორიაში, საქათველოს ნაკრებს ლუკა მაისურაძე და ბექა ღვინიაშვილი წარმოადგენდნენ. ლუკა მაისურაძე ბრწყინვალედ ჭიდაობდა და ფინალში დამარცხდა, ბექა ღვინიაშვილი კი ასპარეზობიდან პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა. ლუკა მაისურაძემ 6 პოზიციით წინ წაიწია და ახლა იგი 2690 სარეიტინგო ქულით, მსოფლიო რეიტინგის მე-9 ნომერია. ბექა ღვინიაშვილი კი 3 პოზიციით დაქვეითდა და 2260 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება. 

  • -100 კგ - ანტალიის გრანდ სლემზე, -100 კგ წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძე გამოდიოდა, რომელმაც რეპეშაჟში იჭიდავა. მან სარეიტინგო ქულები მაინც დააგროვა და მსოფლიო რეიტინგში 2290 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს. ონისემ 2 სარეიტინგო ადგილით წინ წაიწია.

  • +100 კგ - ანტალიის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა გურამ თუშიშვილმა. ამ ოქროს მედლით მან სარეიტინგო ქულები მოიხვეჭა და მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. გურამის ანგარიშზე 4284 სარეიტინგო ქულაა.

სხვა სტატიები