გამოცდილი რუმინელი მსაჯი: სომხეთი - საქართველოს მატჩის არბიტრი ცნობილია
უეფას ერთა ლიგის B და C დივიზიონებს შორის გასამართი ორრაუნდიანი პლეი-ოფის საწყის მატჩში, 20 მარტს, საქართველოს ნაკრები სომხეთს სტუმრად შეხვდება.
მეზობელი ნაკრებები სომხეთის დედაქალაქ ერევანში, რესპუბლიკურ სტადიონზე ითამაშებენ.
საქართველოს ნაკრებისთვის 2025 წლის საწყის მატჩში მსაჯების ვინაობა ცნობილია. შეხვედრაზე რუმინელი მსაჯები, რადუ მარიან პეტრესკუს ხელმძღვანელობით იმუშავებენ. 42 წლის გამოცდილ მსაჯს ქართულ ფეხბურთთან შეხება აქამდეც ჰქონია: რადუ მარიან პეტრესკუს მსაჯობით საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა და ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდმა ორ-ორი მატჩი გამართეს.
19-წლამდელთა ნაკრებმა 2015 წელს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პორტუგალიასთან (2:3) და ესპანეთთან (1:4) წააგო.
მთავარმა ნაკრებმა რადუ მარიან პეტრესკუს მსაჯობით, უეფას ერთა ლიგის სადებიუტო გათამაშებაში, D დივიზიონში, ანდორასთან ფრედ (1:1) ითამაშა, ხოლო 2021 წელს, ვილი სანიოლისთვის სადებიუტო საშინაო მატჩში ესპანეთთან (1:2) წააგო.
სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 20 მარტს გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.