ფრანგული მედია: "ზურიკო დავითაშვილი კარიერას სენტ-ეტიენში გააგრძელებს"
5 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
L’Équipe-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და "ბორდოს" შემტევი ნახევარმცველი, ზურიკო დავითაშვილი კარიერას საფრანგეთის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდში, "სენტ-ეტიენში" გააგრძელებს.
23 წლის ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის სანაცვლოდ, ქვეყნის 10-გზის ჩემპიონი 6 მილიონ ევროს იხდის, რაშიც ბონუსებიცაა გათვალისწინებული.
აღნიშნულია ის გარემოებაც, რომ ქართველი ფეხბურთელი "სენტ-ეტიენში" უახლოეს პერიოდში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ახალ გუნდთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
"დავითაშვილი, რომელსაც მარჯვენა გარემარბის და ათიანის პოზიციაზე შეუძლია თამაში, ერთ-ერთია იმ მრავალ ქართველ მოთამაშეს შორის, რომელმაც გერმანიაში მიმდინარე ევრო 2024-ის დროს შთაბეჭდილება მოახდინა. მან ნაკრების ოთხივე მატჩში ითამაშა, მათ შორის მერვედფინალში, ესპანეთთან შეხვედრაში", - წერს getfootballnewsfrance.
ზურიკო დავითაშვილი 2022 წლის ზაფხულში, "დინამო ბათუმიდან" "ბორდოს" შემადგენლობაში იჯარის წესით გადაბარგდა, ერთი წლის შემდეგ კი, "ჟირონდინების" სრულფასოვანი წევრი გახდა. ამ პერიოდში, მან "ბორდოს" შემდგენლობაში 14 გოლის გატანა და 12 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.