ფრანგული მედია: "მიქაუტაძე უკვე მეცშია - მხარეებმა კონტრაქტს ხელი მოაწერეს"
ფრანგული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების და ამსტერდამის "აიაქსის" თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე ყოფილ გუნდში, "მეცში" დაბრუნდა.
ის, რაც საკმაოდ მოსალოდნელი ამბავი იყო და რის შესახებაც ევროპულ მედიაში აქტიური საუბარი მიმდინარეობდა, ოფიციალურ სახეს იღებს. კონკრეტულად, 23 წლის ქართველი თავდამსხმელი, იმ გუნდში, რომელშიც გამორჩეულად კარგი პერიოდი გაატარა, იჯარის წესით დაბრუნდება და 2023/24 წლების სეზონის დასრულებამდე ითამაშებს.
როგორც dailymercato გვამცნობს, გიორგი მიქაუტაძე უკვე ყოფილ გუნდში მივიდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა, მხარეებმა კონტრაქტს ხელიც მოაწერეს, მის დაბრუნებასთან დაკავშირებით ვიდეოც მომზადდა და მალე, ლოთარინგიელები ამ ამბის შესახებ ოფიციალურადაც გამოაცხადებენ.
გიორგი მიქაუტაძეს, რომელიც ნიდერლანდების ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა 2023 წლის ზაფხულში 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა, საერთო ჯამში მხოლოდ 8 მატჩში თამაშის საშუალება მიეცა და სულ 249 წუთი გაატარა მოედანზე.