Flashscore: "ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი ნიდერლანდებში ჩიხში შევიდა"
1 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც "მარსელმა" ამსტერდამის "აიაქსი" - 4:3 დაამარცხა, გიორგი მიქაუტაძის შესახებ ევროპულ მედიაში საინტერესო სტატია გავრცელდა.
ერთ-ერთი წამყვანი სპორტული სტატისტიკური პლატფორმა Flashscore-ი 23 წლის ქართველი თავდამსხმელის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელიც ნიდერლანდურ გრანდში მის მწირ და პრაქტიკულად არარსებულ სათამაშო დროს ეხმაურება.
"გასულ სეზონში ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელმა (23 გატანილი გოლით), გიორგი მიქაუტაძემ სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს "მეცი" დატოვა და ნიდერლანდებში წავიდა. ქართველ ფეხბურთელს გუნდი გაჭირვებულ მდგომარეობაში დახვდა, რომელიც მატჩებს აგებს, იონ ვან'თ შიპი კი ტენდენციას ვერ ცვლის.
მიქაუტაძის ბოლო საკლუბო გოლი "კლერმონთან" იყო. ეს იყო აგვისტოში, ლიგა 1-ის მე-3 ტურში, "მეცის" შემადგენლობაში. მას შემდეგ ქართველი ლოთარინგიიდან ნიდერლანდებში გაემგზავრა, მაგრამ გარდა საქართველოს ნაკრებისა, გოლის გატანა ვერ მოახერხა.
მისმა ტრანსფერმა ლოთარინგიელებს 16 მილიონი ევრო მოუტანა, რომლებმაც ელიტაში დაბრუნებასთან ერთად საუკეთესო ფეხბურთელის გაშვების რისკი გასწიეს. თუმცა, ნიდერლანდების დედაქალაქში ჩასვლიდან რამდენიმე თვეში, მიქაუტაძის ტრანსფერი თითქოს ჩიხში შევიდა", - წერს Flashscore-ი.
2023/24 წლების საფეხბურთო სეზონში, გიორგი მიქაუტაძეს "აიაქსში" მხოლოდ შვიდ მატჩში მიეცა თამაშის შესაძლებლობა, სადაც სათამაშო დროის აბსოლუტური უმრავლესობა მისთვის უჩვეულო პოზიციაზე გაატარა. რაც შეეხება ლიგა 1-ს, იქ მან "მეცის" შემადგენლობაში სამ შეხვედრაში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.