Belive

ევროპის ძიუდოს კავშირმა გიორგი ათაბეგაშვილს საპასუხისმგებლო თანამდებობა არგუნა

1 წლის წინ ქართული სპორტი
5 წთ

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი - გიორგი ათაბეგაშვილი, ევროპის ძიუდოს კავშირის სამართლიანი თამაშის კომისიის თანაპრეზიდენტი გახდა.

ძიუდოს მეტად განვითარების, მის ფილოსოფიურ ჭრილში სიღრმისეულად ჩაწვდომისა და ამ პროცესის ეფექტური წარმართვის მიზნით, 2022 წელს ევროპის ძიუდოს კავშირმა გადაწყვიტა დაეფუძნებინა ახალი ფეარ-პლეის კომისია (სამართლიანი თამაშის კომისია), რომლის ვიცე-პრეზიდენტადაც გიორგი ათაბეგაშვილი დაინიშნა.

საკმაოდ დიდი ნდობა გამოგიცხადეს და საპასუხისმგებლო თანამდებობა გარგუნეს. უფრო დეტალურად, რომ აგვიხსნათ, რას ნიშნავს სამართლიანი თამაშის კომისიის თანა-პრეზიდენტობა და რა ფუნქცია მოვალეობებს მოიცავს?

- "ძიუდოს მეტად განვითარების, მის ფილოსოფიურ ჭრილში სიღრმისეულად ჩაწვდომისა და ამ პროცესის ეფექტური წარმართვის მიზნით 2022 წელს ევროპის ძიუდოს კავშირმა გადაწყვიტა დაეფუძნებინა ახალი ფეარ-პლეის კომისია (სამართლიანი თამაშის კომისია).

სამართლიანი თამაში არის კომპლექსური კონცეფცია, რომელიც მოიცავს და განასახიერებს უამრავ ფუნდამენტურ ღირებულებას, რომლებიც არამხოლოდ სპორტის განუყოფელი ნაწილია, არამედ აქტუალურია ყოველდღიურ ცხოვრებაში. წარმატებით ტკბობისთვის საკმარისი არ არის გამარჯვება. ტრიუმფი უნდა შეფასდეს აბსოლუტური სამართლიანი საშუალებებით, უბრალო ასპარეზობითა და პატიოსნებით. სამართლიანი თამაში არ არის თეორია. სამართლიანი თამაში არის დამოკიდებულება, რომელიც ვლინდება ქცევაში. როდესაც ჩვენ ვმოქმედებთ სამართლიანი თამაშის სულისკვეთებით, ჩვენ წვლილი შეგვაქვს მშვიდობიანი და უკეთესი სამყაროს მშენებლობაში. აღნიშნული თეზისები სრულ თანხვედრაში მოდის ძიუდოს მორალურ კოდექსთან - ძიუდოისტმა უნდა იცხოვროს ტატამზე და მის გარეთ სწორედ იმ ღირებულებებით, როგორიცაა თავაზიანობა, გამბედაობა, პატიოსნება, პატივი, მოკრძალება, პატივისცემა, თვითკონტროლი და მეგობრობა.

სამართლიანი თამაში, რომელიც არსებითი და ცენტრალური ნაწილია წარმატებული ჩართულობის, პოპულარიზაციისა და განვითარების როგორც სპორტში, ასევე ცხოვრებაში, შეუძლია ადამიანებს ასწავლოს ტოლერანტობა და სხვების პატივისცემა. ეს საშუალებას აძლევს მათ ინტეგრირდნენ საზოგადოებაში და შექმნან გუნდური მუშაობის სულისკვეთება. სამართლიან თამაშს სპორტში შეუძლია გაერთიანოს ეროვნებები, რელიგიები და კულტურები. სამართლიანი თამაშის პრინციპით (სამართლიანი კონკურენცია, პატივისცემა, მეგობრობა, გუნდური სულისკვეთება, თანასწორობა, სპორტი დოპინგის გარეშე) სპორტში მოღვაწე თითოეულ ინდივიდს დღევანდელ საზოგადოებაში კატალიზატორის როლი ენიჭება - იგი ცხოვრების ხარისხის და კეთილდღეობის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა.

ევროპის ძიუდოს კავშირის ფეარ-პლეის კომისიის საქმიანობა მიმართული იქნება სპორტისა და განათლების სფეროს ძიუდოს ეროვნულ და საერთაშორისო ფედერაციებზე, პროფესიონალ სპორტსმენებზე, განსაკუთრებული აქცენტით მოზარდებზე და მათ მომზადებაზე პასუხისმგებელ პირებზე. ჩვენი გეგმაა ყველა დიდ ღონისძიებაზე გვქონდეს სპეციალური FAIR PLAY აქტივობა. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ქვეყნისთვის შევიმუშავებთ სპეციალურ სტრატეგიას - მიმდინარე საჭიროებებისა თუ ტენდენციების მიხედვით. სამართლიანი თამაშის აქტებისადმი პატივისცემისა და ყურადღების მიქცევის მიზნით, რომელიც შესრულებულდება ძიუდოს სამყაროში ან მის ფარგლებს გარეთ, სამართლიანი თამაშის კომისია ყოველწლიურად მიანიჭებს განსაკუთრებულ დიპლომებს იმ პიროვნებებს, რომლებიც დაიცავენ ამ ღირებულებებს და სამართლიანი თამაშის შესანიშნავი ელჩები იქნებიან.

და ბოლოს ამ შეკითხვაზე პასუხს დავასრულებ ამონარიდით ევროპის საბჭოს სპორტის ეთიკის კოდექსიდან - "სამართლიანი თამაში არის პოზიტიური კონცეფცია. სპორტი არის სოციალური და კულტურული აქტივობა, რომელიც სამართლიანად ამდიდრებს საზოგადოებას და ერებს შორის მეგობრობას."

არის თუ არა ეს საქართველოს აღიარება და ნიშნავს თუ არა, რომ ძიუდოს ევროპის კავშირი დადებითად და მაღალ დონეზე აფასებს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის საქმიანობას?

- "რა თქმა უნდა განსაკუთრებული პატივია წარმატებული და ძლიერი ორგანიზაციის - ევროპის ძიუდოს კავშირის სამართლიანი თამაშის კომისიის თანაპრეზიდენტობა, რისთვისაც მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო EJU-ს პრეზიდენტს დოქტორ ლასლო ტოტს და EJU-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს ნდობისთვის, თუმცა ეს არის აღიარება, არა მხოლოდ ინდივიდის, არამედ სრულიად ქართული ძიუდოსი.

საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ძიუდოს საერთაშორისო ოჯახის სრულუფლებიანი წევრია - ჩვენ ვამაყობთ ქართული ძიუდოს წარსულით, ვხარობთ აწმყოთი და გვაქვს უკეთესი მომავლის იმედი. უკანასკნელ პერიოდში არაერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით მასობრივი ძიუდოს განვითარების კუთხით, რაც საერთაშორისო დონეზე დადებითად იქნა აღქმული სპორტის მესვეურთა მხრიდან. შიდა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითა და ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია უამრავი ბავშვის ცხოვრება შევცვალოთ და წარვმართოთ პოზიტიურ ჭრილში."

სხვა სტატიები