ელენე ჭუმბურიძე: საბედნიეროდ, სპორტის ეს სახეობა უფრო პოპულარული გახდა საქართველოში
ელენე ჭუმბურიძე 18 წლის წარმატებული ფრენბურთელია, რომელიც 2023 წლის 27 აგვისტოდან ოფიციალურად საფრანგეთის კლუბ TFOC-ში ირიცხება. მანამდე ის ესპანეთის CD Élite Voley-ის წევრი იყო.
დღევანდელი ჩვენი რუბრიკის რესპონდენტი სწორედ ელენე ჭუმბურიძეა, რომელსაც თავის მიმდინარე კარიერასა და გეგმებზე ვესაუბრეთ:
სანამ ფრენბურთი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდებოდა მხატვრული ტანმოვარჯიშე ვიყავი დაახლოებით 7-8 წელი. მშობლების რჩევისა და ჩემი სიმაღლის გათვალისწინებით, გადავწყვიტე 14 წლის ასაკში, ფრენბურთი მეცადა და საბედნიეროდ, პირველივე ვარჯიშის შემდეგ მივხვდი, რომ ამ სპორტის პროფესიონალურად გაგრძელება მინდოდა.
ინსპირაციის წყარო, შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ფრენბურთელი, ლაშა ჩოხელი იყო, რომელიც პირველი იყო, ვინც გამაცნო სპორტის ეს სახეობა, დამანახა რა მნიშვნელობისაა თითოეული მოთამაშის პოზიცია და ამასთანავე, რამდენად რთული და მნიშვნელოვანი როლი აკისრია გამთამაშებელს. ამის შემდეგ უკვე, ახალგაზრდა ფრენბურთელის, ანა კალანდაძის თამაში ვნახე, რამაც დამატებითი მოტივაციით ამავსო და ასევე, საზღვარგარეთ საკუთარი და ქვეყნის სახელის გატანის სურვილი გამიჩინა. ალბათ როგორც ყველა სპორტსმენისთვის, ჩემთვისაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით ასპარეზობა ყველაზე საამაყო და დიდი მიღწევაა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პირველ რიგში ჩემს კლუბში წარმატებული სეზონის ჩატარებასა და 2024 წლის საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშებისთვის, მაქსიმალურად მომზადებას ვგეგმავ. ვთვლი, რომ ნებისმიერი გამოცდილება, იქნება ეს კარგი თუ ცუდი, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც, კარიერულად მზრდის და მეხმარება პროფესიულ განვითარებაში.
სამწუხაროდ, საქართველოში ქალთა ფრენბურთის საკლუბო დონე შედარებით დაბალია, ვიდრე ევროპის წამყვან ქვეყნებში. ამის მიზეზი, ჩემი აზრით მოთამაშეებისა და გუნდების უკმარისობაა, რასაც ნაკლები საშეჯიბრო პრაქტიკა ემატება. თუმცა, ბოლო წლებში ვითარება შეიცვალა და უკვე არაერთი წარმატებული სპორტსმენი ქალი გვყავს, რომელიც წარმატებით ასპარეზობს საერთაშორისო დონეზეც, რაც უფრო მეტად ზრდის ამ სპორტის პოპულარობასა და მოთამაშეების რაოდენობას. საფრანგეთი როგორც სანაკრებო, ასევე, საკლუბო დონით ბევრად მაღლა დგას, ვიდრე ესპანეთი თუნდაც. ეს ყველაფერი, თავის გამოჩენასა და დამკვიდრებას უფრო რთულს, მაგრამ ამავდროულად, ბევრად სასიხარულოს ხდის.
ბოლოს, რთულია რაიმე რჩევა მივცე დამწყებ სპორტსმენებს, რადგან თავადაც ახლა ვდგამ პირველ ნაბიჯებს პროფესიონალურ ფრენბურთში და წინ კიდევ უფრო დიდი გზა და მეტი გამოცდილებაა. ამ ეტაპზე რაც შემიძლია ვუთხრა მათ არის, რომ არასდროს დაკარგონ მოტივაცია და საკუთარი თავის რწმენა, დაისახონ მიზანი და თავდაუზოგავად იშრომონ ამ მიზნის მისაღწევად.