ეთერ ლიპარტელიანი: "მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულს აუცილებლად დავიცავ“
მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად, ძიუდოს ევროპის კავშირმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი - ეთერ ლიპარტელიანი ჩაწერა.
ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი მოტივაციითა მიემგზავრება - იგი მზადაა -57 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კარიერაში პირველად დაიცვას.
ლიპარტელიანმა მთელი თავისი კარიერა ქართული ძიუდოს ისტორიაში ახალი ფურცლების დაწერას მიუძღვნა. თუმცა ოქტომბერში მას სრულიად ახალი გამოწვევა ელის - მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება.
2025 წლის ივნისში ქართველმა სპორტსმენმა მორიგი ისტორიული შედეგი დააფიქსირა, როდესაც გახდა პირველი ქალი საქართველოდან, რომელმაც დიდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა (57 კგ). სულ რაღაც ერთ წელზე ოდნავ მეტ დროში მან თავის შთამბეჭდავ კოლექციას ევროპის ჩემპიონის ტიტული და ლოზანას გრან სლემის ოქროც დაამატა.
„გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე. ეს ნამდვილად დაუჯერებელი წელი იყო. წელს ევროპის ჩემპიონატზე კიდევ უფრო დიდი მოტივაციით გავედი და კონტინენტის ჩემპიონიც გავხდი. ვფიქრობ, ახლა ეს ორი უდიდესი ტიტული გავაერთიანე,“ - განაცხადა ლიპარტელიანმა ევროპის ძიუდოს კავშირთან სლოვაკეთის მოსამზადებელ შეკრებაზე საუბრისას
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გასამართ მსოფლიო პირველობამდე სულ ცოტა დრო რჩება. ბუნებრივია, ამხელა მიღწევებს შესაძლოა დამატებითი პასუხისმგებლობა და წნეხი მოჰყვეს, თუმცა ლიპარტელიანი სრულიად საპირისპიროს გრძნობს.
„ფსიქოლოგიურად არანაირ წნეხს არ ვგრძნობ. პირიქით, ბედნიერი და მოტივირებული ვარ იმით, რომ ერთდროულად ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ვარ. ამ მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ უფრო მოტივირებული გამოვალ და ჩემს ტიტულს აუცილებლად დავიცავ.“ - ეთერ ლიპარტელიანი
მისი თქმით, ამ თავდაჯერებულობის უკან მარტივი ფორმულა დგას - დისციპლინა და დაუღალავი, მძიმე შრომა.
ბაქოს ტურნირი ლიპარტელიანისთვის მხოლოდ ინდივიდუალური ტიტულის დაცვით არ შემოიფარგლება. იგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შერეულ გუნდურ ასპარეზობაშიც შეუერთდება, სადაც საქართველოს გუნდი 2025 წელს მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებას შეეცდება.
ეთერ ლიპარტელიანი ინდივიდუალურ პირველობაზე -57 კგ წონით კატეგორიაში 6 ოქტომბერს იასპარეზებს, ხოლო შერეულ გუნდურ ტურნირში 11 ოქტომბერს ჩაერთვება.