ESPN | მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დასახელდა
UFC-მ მიმდინარე წლის ბოლო ივენთი დეკემბრის დასაწყისში ჩაატარა და 2026-მდე დაგვემშვიდობა.
2025-ში ყველაზე პრესტიჟულმა ორგანიზაციამ არაერთი გამორჩეული ღონისძიება გამართა და შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) გულშემატკივრებს, სანახაობრივი ბრძოლებით დაამახსოვრა თავი. წლის დასასრულს კი ავტორიტეტულმა მედია საშუალებებმა სხვადახვა ნომინაციებში საუკეთესოების გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარეს. გამონაკლისი არც ESPN არის, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ შედეგები გაასაჯაროვა.
ESPN-ის ვერსიით, 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი დასახელდა. ქართველმა მებრძოლმა წელს თითქმის შეუძლებელი შეძლო და ძალიან ცოტა დააკლდა, რომ გამხდარიყო პირველი მებრძოლი UFC-ის ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონის ქამარი ერთ კალენდარულ წელში ოთხჯერ დაიცვა.
მერაბ დვალიშვილს წლის საუკეთესო მებრძოლის ნომინაციაში კონკურენციას ილია თოფურია, ალექს პერეირა, ისლამ მახაჩევი და ჯოშუა ვანი უწევდნენ, თუმცა მანქანამ ხმების აბსოლუტური უმრავლესობით (40%) გაიმარჯვა.
After competing in four title fights in less than 12 months and an impressive reign as bantamweight champion, 2025 is officially the year of Merab 👏
— ESPN MMA (@espnmma) December 23, 2025
For more on our 2025 MMA awards: https://t.co/h7Rs5aFI2P pic.twitter.com/F3AWx1ePbe
მერაბ დვალიშვილმა 2025 წლის პირველი ბრძოლა 19 იანვარს გამართა, როდესაც უმარ ნურმაგომედოვი აბსოლუტური დომინაციით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული დაიცვა. მანქანამ 8 ივნისს რემატჩში შონ ო'მალის უშანსოდ სძლია და ქამარი მეორედ დაიცვა, ხოლო 5 ოქტომბერს კორი სენდჰეგენი დაამარცხა. სამწუხაროდ 7 დეკემბერს დვალიშვილი პიოტრ იანთან 5-რაუნდიან ბრძოლაში დამარცხდა, თუმცა ეს მარცხი არ აკნინებს იმ სოლიდურ მემკვიდრეობას, რომელიც მერაბმა საჩემპიონო გზაზე შექმნა.
აღსანიშნავია, რომ ESPN მეორე ორგანიზაციაა, რომელმაც მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დაასახელა. მანამდე ქართველი მებრძოლი MMA JUNKIE-მ გამოარჩია.