ესპანური მედია: "ქოჩორაშვილი ბრწყინავს, სატრანსფერო ფანჯარა კიდევ ორი კვირით გახსნილია"
10 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ესპანური მედია საშუალება infobae საქართველოს ნაკრებისა და "ლევანტეს" ცენტრალური ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში, ქართველის მიერ გუნდის შეცვლა მოსალოდნელია.
"ქოჩორაშვილმა "გრანადასთან" გოლის გატანა შეძლო, რომელიც ლა ლიგა 2-ში მისთვის ამ სეზონში მეხუთე გამოდგა. იგი ბრწყინავს და სატრანსფერო ბაზარზე ფანჯრის დახურვამდე 2 კვირაა დარჩენილი.
ქოჩორაშვილი "ლევანტეს" ბომბარდირთა დავაში ხოსე ლუის მორალესის შემდეგ მეორე ადგილზეა, თანაც მაშინ, როცა სანაკრებო პაუზების დროს საქართველოში მიდის და იქაც ძირითადი შემადგენლობის წევრია.
ამ სეზონამდე ქოჩორაშვილს, რომელმაც ახლა "გრანადასთან" "ლევანტეს" მაისურით 50-ე მატჩში ითამაშა, მხოლოდ 3 გოლი ჰქონდა გატანილი. მისი საუკეთესო სეზონი გოლების თვალსაზრისით, "კასტელონში", რანგით მესამე ლიგაში ჩატარებული გათამაშება გამოდგა, რომელშიც 4 ბურთის გატანა მოახერხა.
შარშანდელი კარგი თამაშის და საქართველოს ნაკრებთან ერთად ბრწყინვალე ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ეს სეზონი ნამდვილი გარღვევაა 25 წლის ფეხბურთელისთვის, რომელსაც ზაფხულში წინადადებით უკვე მიმართეს, მაგრამ ისევ ვალენსიურ გუნდში დარჩა.
სატრანსფერო ფანჯარა 3 თებერვალს იხურება, იქამდე 2 კვირაა დარჩენილი და "ლევანტეში" კარგად იციან, რაც შეიძლება მოხდეს ქოჩორაშვილის მომავალთან დაკავშირებით, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ხულიან კალერო დარწმუნებულია, რომ შეუძლია ამ სეზონში ქართველის იმედი ჰქონდეს.
"სატრანსფერო ბაზრის ცეცხლის გაღვივება არ ღირს, ქოჩო ჩვენთან რჩება. თუ მაინც და მაინც სატრანსფერო ბაზარზე უნდა ვიაქტიუროთ, უკვე საკმარისია იმ ფეხბურთელების რაოდენობა, რომლებმაც გუნდი შეიცვალეს", - ამბობს ხულიან კალერო ფაბრიციოსა და კლემენტის და ასევე ანდრეს გარსიას შესახებ, რომელიც "ასტონ ვილასთან" კონტრაქტს გააფორმებს", - წერს infobae.
გიორგი ქოჩორაშვილს "ლევანტეს" შემადგენლობაში ამ სეზონში ლა ლიგა 2-ში 19 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი გაკეთებული, საქართველოს ნაკრებში კი ერთა ლიგაზე 5 შეხვედრაში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება შეძლო. უახლესი ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელის დამატება ლისაბონის "სპორტინგს" სურს.