Belive

ესპანური მედია: "გრანადას თამაშში იშვიათი პოზიტივი იგრძნობა და ეს გიორგი წიტაიშვილი გახლავთ"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 2024/25 წლების სეზონის საწყის ტურში, "გრანადას" მაისურით ოფიციალურ მატჩში დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრების ფლანგის ფეხბურთელს, გიორგი წიტაიშვილს. მარჯვენა ფლანგის გარემარბს, რომელსაც მარცხენა მცველად თამაშიც შეუძლია, გუნდის შედეგის (წაგება "ალბასეტესთან" 1:2) მიუხედავად, კარგი თამაში გამოუვიდა, რაც არც ესპანურ მედიას დარჩა უყურადღებოდ.

"როგორც ის გახლავთ სიმართლე, რომ "გრანადამ" ლა ლიგა 2-ის სეზონი კარგად ვერ დაიწყო, ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ შესანიშნავი დებიუტი აქვს გიორგი წიტაიშვილს.

გასულ კვირას "ალბასეტესთან" წაგებულ მატჩში ქართველი ფეხბურთელი "გრანადას" თამაშში იშვიათი პოზიტიური მხარე გახლდათ.

მიუხედავად იმისა, რომ გილე აბასკალის გაწვრთნილ გუნდს ცუდად არ უთამაშია, რამდენიმეწუთიანმა ჩავარდნამ, მათ ლა მანჩელებთან მატჩი წააგებინა.

ძირითად შემადგენლობაში მყოფმა "გრანადას" ახალმა მე-11 ნომერმა თავისი თამაშით სრულფასოვნად გაამართლა წარდგენის დროს ნათქვამი სიტყვები, რომ საუბარს მოედანზე ამჯობინებს.

ქართველი იმ კატეგორიის ფეხბურთელია, რომელიც გულშემატკივრის ყურადღებას მოედანზე გამოჩენისთანავე იპყრობს. ის სწრაფი ფლანგის გარემარბია და ამ სიჩქარის დამსახურებით მეტოქის დაჯაბნა შეუძლია. მას ასევე კარგად ეხერხება ბურთის შენარჩუნება და მარცხენა ფეხით თამაში.

ამჯერად, წიტაიშვილს მწვრთნელი მარჯვენა ფლანგზე აყენებს, მარცხნივ კი პოლონელი იოზვიაკია გამწესებული.

გულშემატკივრების უმეტესობამ გუნდის ხელმძღვანელობას ეს ტრანსფერი სარისკო ფსონად შეუფასა, მაგრამ გიორგი წიტაიშვილმა "ნუევო დე ლოს კარმენესზე" თავისი დებიუტისთანავე, შეკითხვები გააქრო და გუნდში მოსვლა გაამართლა. მან აჩვენა, რომ ამ დონის ჩემპიონატში სათამაშოდ სავსებით მზადაა.

გიორგი წიტაიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა და ესპანეთის ნაკრებთან მოედანზე ნახევარი საათიც გაატარა. ამის ფონზე, ის არაერთი გუნდის ინტერესთა სფეროში მოხვდა.

მატჩის მიმდინარეობისას, რეგულარულად, აბასკალის გუნდი არაერთ ძალიან მწვავე და სახიფათო შეტევას სთავაზობდა მეტოქეს, რომლის უმეტესობაც მარჯვენა ფლანგიდან ვითარდებოდა და მათი ორგანიზატორი უმრავლეს შემთხვევაში, გიორგი წიტაიშვილი გახლდათ.

მიუხედავად იმისა, რომ "ალბასეტესთან" გუნდმა სეზონის საწყისი მატჩი, თანაც საშინაო კედლებში წააგო, "გრანადამ" ოპტიმისტური დეტალები აჩვენა და რაც მთავარია, გამოჩნდა გიორგი წიტაიშვილი, რომელსაც ოფიციალურ მატჩში მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა", - წერს granadahoy.

ლა ლიგა 2-ის შემდეგ ტურში, გიორგი წიტაიშვილის გუნდი 24 აგვისტოს, სტუმრად, "ფეროლს" შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები