ემპოლის მწვრთნელი: "საბა გოგლიჩიძე საგრძნობლად განვითარდა"
2 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
იტალიის სერია A-ში "ფიორენტინასთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ (0:0), "ემპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო დავერსამ თავისი გუნდისა და საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა გოგლიჩიძის შესახებ ისაუბრა.
"როცა გუნდში მოვედი, საბა გოგლიჩიძეს იტალიურად საუბარი უჭირდა. ენის განვითარების პარალელურად, როგორც ვარჯიშის, ისე თამაშის მიმართულებით გოგლიჩიძემ საგრძნობლად მოუმატა. იმედი მაქვს, რომ ის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება.
ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ ნებისმიერი მიზნის მიღწევა, იქნება ეს ჩემპიონატის მოგება თუ ადგილის შენარჩუნება, გოლების ბალანსზეა დამოკიდებული. ამ მხრივ, ჩვენ ძალიან კარგი დაცვა გვყავს", - ამბობს იტალიელი სპეციალისტი.
საბა გოგლიჩიძის დებიუტი იტალიის სერია A-ში ამ სეზონში შედგა და მან ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც სამში მისმა გუნდმა კარის მშრალად შენახვა მოახერხა და გოლი მხოლოდ "ბოლონიასთან" (1:1) გაუშვა.
"ემპოლიმ" სეზონი კარგად დაიწყო: გუნდი წაუგებელია და 2 გამარჯვებისა და 4 ფრის შედეგად დაგროვებული 10 ქულით ევროზონაში იმყოფება. შემდეგ მატჩს ქართველი ფეხბურთელის გუნდი "ლაციოსთან" სტუმრად გამართავს.