Belive

დოჰას მასტერსი - შემაჯამებელი დღე: საქმეში მძიმე არტილერია ერთვება (პრევიუ)

3 წლის წინ ქართული სპორტი
4 წთ
2021 წლის ძიუდოს პირველი საერთაშორისო ტურნირი ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარეობს, სადაც 13 იანვარს, ბოლო, III საშეჯიბრო დღე შედგება. მესამე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრების სახელით 6 ფალავანი წარსდგება და წარმომადგენელი 3 წონით კატეგორიაში გვეყოლება.

-90 კგ


-90 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას 2 ძიუდოისტი დაიცავს: ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური. ბექა ღვინიაშვილი განთესილი არ იქნება და იგი A ბადეშია წარმოდგენილი, სადაც პირველ ეტაპზე მისი მეტოქე მარკუს ნიმანი იქნება. შვედი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში, ბექა ღვინიაშვილის მეტოქე ალჟირელ - აბდერრაჰმენ ბენადამისა და იაპონელ - შოიჩირო მუკაის შორის გამარჯვებული იქნება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბექას ძალიან რთული ბადე შეხვდა: მას აქ ჰყავს ამ წონის ერთ-ერთი ლიდერი, წარმოშობით კუბელი, ივან ფელიპე სილვა მორალეში, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში, ბექა 1/4 ფინალში გადაეკვეთება. რაც შეეხება ლაშა ბექაურს, იგი ღვინიაშვილისგან განსხვავებით, ასპარეზობას პირველივე რაუნდიდან დაიწყებს. ლაშას მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი - ლი კოჩმანი იქნება, იმ შემთხვევაში თუ 2020 წლის ბოლო ტურნირის გამარჯვებული - ლაშა ბექაური მეტოქეს დაამარცხებს, შემდეგ ეტაპზე ამ წონის ერთ-ერთ ლიდერს, წარმოშობით სერბ - ნემანია მაიდოვს დაუპირისპირდება. ლაშას ასევე ბადეში ჰყავს რუსი - მიხაილ იგოლნიკოვი.

-100 კგ


-100 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს, ნაკრების კაპიტანი - ვარლამ ლიპარტელიანი წარმოადგენს. იგი B ბადეში იასაპრეზებს და ამ ბადეში ერთადერთი განთესილი ძიუდოისტი იქნება. ლიპო ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მას რუს ნიაზ ბილალოვსა და ბელარუს დანიელ მუკეტეს შორის გამარჯვებული დაუპირისპირდება

+100 კგ


და აი, ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და საინტერესო წონას მივადექით. დიახ, სწორედ ასეა, რადგან ამ წონაში, ქართული დროშის ქვეშ 3 ქართველია წარმოდგენილი: მსოფლიოს ჩემპიონი - გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი და გელა ზაალიშვილი. ამ წონას ხიბლს ერთ-ორად ისიც მატებს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და ყველასთვის საყვარელი ძიუდოისტი - ტედი რინერი მონაწილეობს, რაც ბოლო პერიოდში ხშირი ნამდვილად არ არის. თუ გელა ზაალიშვილი მის კუბელ მეტოქეს - ენდი გრანდას, ხოლო ტედი რინერი - როი მეიერს დაამარცხებს, გელა ზაალიშვილისა და ტედი რინერის დაპირისპირებას ვიხილავთ, რაც ქართული ძიუდოსთვისა და ქართველი გულშემატკივრისთვის ძალიან სასიამოვნოა. ასე, რომ დოჰას მასტერსის ბოლო დღე შესაძლოა ქართული ძიუდოს ისტორიაში ოქროს ასოებით შევიდეს. გურამ თუშიშვილი ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან დაიწყებს და მას რუსი მეტოქე - ანტონ კრივობოკოვი ეყოლება. გამარჯვების შემთხვევაში კი სამხრეთ კორეელ - კიმ მინიონგსა და პოლონელ - მასიე სარნაკს შორის გამარჯვებულს შეხვდება. რაც შეეხება ლევან მატიაშვილს, ლევანიც ზაალიშვილისა და თუშიშვილის მსგავსად ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ერთვება და უზბეკი მეტოქე ჰყავს. ბეკმუროდ ოლტიბოევის დამარცხების შემთხვევაში ლევანი წონის ერთ-ერთ ლიდერს, რუს - ინალ ტასოევს დაუპირისპირდება. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:00, ხოლო ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე დაიწყება.  

 

სხვა სტატიები