დევიდ უები: "სანიოლთან მუშაობა გასაოცარია, ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად ვიბრძოლებთ"
1 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო გუნდში ინგლისელი დევიდ უები 2023 წლის სექტემბრიდან მუშაობს. გამოცდილი მწვრთნელი ვილი სანიოლის სტაფის წევრია და მისი ძირითადი საქმიანობა გუნდის მენტალურ მომზადებას ეხება.
45 წლის სპეციალისტი, რომელიც საქართველოს ნაკრებში უმეტესად, ფეხბურთელების ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენისა და ლიდერობის მხრივ მუშაობს, ბრიტანულ talksport-თან ინტერვიუში ჩვენი ნაკრების შესახებ საუბრობს.
"საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ქვეყნისთვის დიდი, ისტორიული მიღწევა გამოდგა. შემდეგი ეტაპი მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაა.
ვფიქრობთ, რომ გვყავს ფეხბურთელები და მწვრთნელები, რომლებმაც ახლა უკვე დიდ ტურნირზე თამაშის გამოცდილება მიიღეს და ეს სამომავლოდ უკეთ აღჭურვაში დაგვეხმარება.
პირადად ჩემთვის, ვილი სანიოლთან მუშაობა გასაოცარი გამოცდილებაა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ვილის, როგორც ფეხბურთელს შესანიშნავი კარიერა ჰქონდა, ახლა კი ის ხარისხიანი მწვრთნელია. ეს ჩემთვის დიდი გამოცდილებაა.
ყოველთვის, ჩემი ამბიციაა, რომ რაღაც მომენტში მთავარ მწვრთნელად დავბრუნდე. ზუსტად როდის მოხდება ეს არ ვიცი, მაგრამ ყველაფერი სწორ გამოცდილებასა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.
ვფიქრობ, წარმატებისთვის აუცილებელია, რომ სწორ გარემოში და სწორ ადამიანებთან იმუშაო. ასეთი პრაქტიკა საუკეთესო შესაძლებლობების მიღების შანსს გაძლევს და ეს ნამდვილად არის ჩემს გეგმებში.
ახლა კონტრაქტი საქართველოს ნაკრებთან მაკავშირებს, ასე რომ, სხვაგან წასვლა არ მსურს. ვნახოთ რა იქნება მომავალში, ფაქტი ისაა, რომ ამბიციური ადამიანი ვარ და მთავარი მწვრთნელობა მართლაც მსურს. ამ ეტაპზე, ვილი სანიოლთან ერთად ვმუშაობ და შესაძლოა, როცა ის სხვა გუნდში იმუშავებს, მასთან ერთად დავსაქმდე. ამბიცია მაქვს და მსურს, ერთ დღეს მართლაც მთავარი მწვრთნელის სტატუსით დავბრუნდე", - ამბობს დევიდ უები.
კარიერის განმავლობაში, დევიდ უები "კრისტალ პალასის", "ტოტენჰემის", "მილუოლის", "საუთჰემპტონის", "ბორნმუთის", შვედური "ოსტერსუნდის" და "ჰადერსფილდის" სამწვრთნელო სტრუქტურებში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, მთავარი მწვრთნელის რანგში კი "იორკ სიტის" ხელმძღვანელობდა. საქართველოს ნაკრებში დევიდ უები მესამე წელს ატარებს.