"დეკუს სიის სათავეშია" - კატალონიური მედია მიქაუტაძის ბარსელონაში ტრანსფერზე წერს
5 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
გიორგი მიქაუტაძის ბარსელონაში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით, კატალონიურ მედიაში ახალი ინფორმაციები რეგულარულად ჩნდება. barcablaugranes-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდის დამატება ბარსას სპორტული დირექტორის, დეკუს და მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის სურვილია.
"ბარსელონას საოცნებო ტრანსფერის, ხულიან ალვარესის ალტერნატივების სიას ახალი კანდიდატი შეემატა: ვილიარეალის თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე.
კატალონიელებმა ფეხბურთელის წარმომადგენლებთან კონტაქტი უკვე დაამყარეს და მიქაუტაძისგან თანხმობაც მიიღეს იმ შემთხვევაში, თუ ალვარესის დამატება ვერ მოხერხდება.
ატლეტიკო მადრიდისგან განსხვავებით, ვილარეალი ქართველის სათანადო ფასად, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 60 მილიონ ევროდ არის შეფასებული, გაშვებაზე თანახმაა.
"ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" მიქაუტაძე ლიონიდან ზუსტად ნახევარ ფასად გაიფორმა გასულ ზაფხულს და მისი საბაზრო ღირებულება ესპანეთში წარმატებული სადებიუტო სეზონის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა: მან ყველა ტურნირზე გამართულ 42 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.
როგორც ჩანს, მიქაუტაძე სპორტული დირექტორის, დეკუს სამიზნეების სიის სათავეშია და ჰანსი ფლიკმაც უკვე მოიწონა მისი შესაძლო ტრანსფერი.
25 წლის ფეხბურთელი გასულ სეზონში ვიარეალის 4-4-2 ტაქტიკაში, აიოზე პერესთან ძირითად ფორვარდად თამაშობდა. ის ზუსტად იმ მობილური თავდამსხმელის პროფილს შეესაბამება, რომელსაც ბარსელონა ეძებს: აქვს შესანიშნავი სიჩქარე, კარგად ფლობს ბურთს და გამოირჩევა კარგი დამრტყმელი ტექნიკით.
მიუხედავად 60 მილიონიანი ფასისა, ის ალვარესზე ბევრად იაფი დაჯდება და განიხილება როგორც ხარისხიანი ალტერნატივა, რომელსაც ჰანსი ფლიკის სისტემაში წარმატებით თამაში შეუძლია.
სიაში ბევრი გვარია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, რომელსაც სერიოზულად უნდა მოვექცეთ. დეკუს ის ძალიან მოსწონს, ფეხბურთელს გადასვლა სურს და ვილარეალიც მზადაა მოლაპარაკებებისთვის", - წერს barcablaugranes.
გიორგი მიქაუტაძე სერენში, მეცში, ამსტერდამის აიაქსსა და ლიონში დაგროვებული გამოცდილების შემდეგ "ყვითელ წყალქვეშა ნავს" შარშან ზაფხულში შეუერთდა და გასულ სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (15 გოლი, 6 საგოლე პასი) და ლა ლიგაში დაკავებული მესამე ადგილით გუნდს უეფას ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.