Belive

"დანდიში ბევრი ცრემლი დაიღვრება, იქ ბიჭები მამის ნაჩუქარ ნემსაძის მაისურებს შეჰყურებენ" - ბრიტანული მედია

9 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ქართული საფეხბურთო სამყაროსთვის 21 ოქტომბერი მძიმე დღეა. საქართველომ, ნაკრების ლეგენდარული კაპიტანი, გიორგი ნემსაძე დაკარგა.

გამორჩეულ ფეხბურთელს, მწვრთნელსა და ადამიანს ოჯახთან, ახლობლებთან, ქართული საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლებთან და გულშემატკივართან ერთად, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გლოვობენ. ბრიტანული მედიის ყველაზე პრესტიჟული საშუალებები იხსენებენ დანდის შემადგენლობაში გატარებულ წლებში ქართველი ნახევარმცველის, განსაკუთრებულ თვისებებს მოედანზე და მოედნის მიღმა.

ქართველ ფეხბურთელს, რომელმაც შოტლანდიის მოკრძალებულ გუნდში დიდი ისტორია შექმნა, The Sun, Daily Mail, BBC და სხვა ცნობილი გამოცემები იხსენებენ, ასევე, PLZ Soccer-ის ჟურნალისტი, კომენტატორი პიერ მარტინი გიორგი ნემსაძის შესახებ ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს.

Dundee hero Giorgi Nemsadze dead at 54 as tributes paid to former Georgia  captain
"სადღაც დანდიში იქნება ეს კერძო დასახლება თუ კორპუსის ბინა, ალბათ არის პატარა ბიჭი, რომლის კედელზეც გიორგი ნემსაძის 10-ნომრიანი მაისური ჩარჩოში ჩასმული კიდია, ალბათ მამისგან საჩუქრად მიღებული და უკვირს, რამდენად კარგი მოთამაშე იყო ის.

აბა, რა გითხრათ, მისი თამაშის ყურებისას, როცა გიორგი ნემსაძისა და დანდის მატჩებს ვაკომენტატორებდი ათასწლეულის დასაწყისში, როცა დანდიმ ისეთი ფეხბურთელები დაიმატა, ზოგიერთი გაოცებული იყო, ამას როგორ ახერხებენო: კლაუდიო კანანიჯა, ზურაბ ხიზანიშვილი, ფაბიან კაბალიერო, ხუან სარა, ბარი სმიტი და მათთან ერთად მოთამაშე მე-10 ნომერი აბსოლუტურად დიდებული იყო. ქართველი, რომელსაც 69 სანაკრებო მატჩი ჰქონდა, ბურთთან მოპყრობა, დრიბლინგი და გოლების გატანა შეეძლო, თან რა მშვენიერი გოლების. ის ნამდვილი სიამოვნება იყო და გასაკვირი არც არის, რომ დანდის დიდების დარბაზში აირჩიეს.

ამიტომ, იმის გაგონება, რომ გიორგი ნემსაძე 54 წლის ახალგაზრდულ ასაკში გარდაიცვალა, ნამდვილი ტრაგედიაა. ვიცი, დანდის რაიონში ბევრი ადამიანი ცრემლს დაღვრის და დიდი მოგონებებით გაიხსენებს მის თამაშს მოედნის ცენტრში. მას ყოველთვის ისეთი გამომეტყველებით ვხედავდით, თითქოს ბურთთან ურთიერთობისთვის საკმარისი დრო ჰქონდა. დიდი ოსტატობა და უბრალოდ სიხარული იყო მაშინ მისი ყურება.

მე გიორგი ნემსაძესთან დაკავშირებით ჩემი განსაკუთრებული მოგონებაც მაქვს. შოტლანდია საქართველოს ეწვია სათამაშოდ. ალან რაუფი, მე და რამდენიმე ჟურნალისტი გიორგისთან და მის მეგობრებთან ერთად სავახშმოდ მიგვიწვიეს. ეს არის რაღაც, რაც არასდროს დამავიწყდება. რაუფი და მე ჩაგვსვეს იმ მანქანის უკანა სავარძელზე, რომელიც მხოლოდ ლადად ან შკოდად თუ შეიძლებოდა აღწერილიყო. მინები არ ჰქონდა. მივედით რესტორანში. იქ არის გიორგი თავის მეგობრებთან ერთად. დიდი სიხარულით შეგვხვდნენ, ყველა ძალიან ბედნიერი იყო.

და საინტერესო ის იყო, რომ ვისხედით ამ დიდი მაგიდის გარშემო, ალბათ 25-30 კაცი ვიქნებოდით და ტრადიციისა და გიორგისადმი პატივისცემის ნიშნად, ყველას წინ იდგა ჭიქა, რომელიც უნდა აგვეღო, გიორგისთვის მიგვემართა და ბოლომდე შეგვესვა.

ახლა, მე რომ მხოლოდ ორი ქილა ლუდის მოყვარული ვარ, ეს საშიში გამოდგა, რადგან ვიცოდი, რომ წუთნახევარში სრულად მთვრალი ვიქნებოდი. მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველამ შევძელით დიდი ადამიანისთვის პატივის მიგება, მათ შორის რაუფმაც, რომელსაც თავისი მხიარული მომენტები ჰქონდა გიორგი ნემსაძესთან ერთად. ორივე მათგანი ზღაპრული საერთაშორისო მოთამაშე იყო. მიუხედავად ამისა, როცა იმ რესტორნიდან გამოვედი, ფეხზე ძლივს ვიდექი, მაგრამ უკეთესად ვიყავი. გენიოსისა და ლეგენდის გარემოში ყოფნა, მისი თამაშის ყურება მოედანზე დიდი სიხარული იყო, მაგრამ იმ ღამეს მის გვერდით ყოფნა არის ისეთი რამ, რაც...", - ამბობს პიტერ მარტინი.

გიორგი ნემსაძემ 2000-დან 2004 წლამდე დანდის შემადგენლობაში ითამაშა და 91 მატჩში 4 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის გაკეთება მოაერხა.

სხვა სტატიები