Belive

დაბრუნებიდან მესამე მატჩში: ბერიძემ თასზე გაიტანა და უიპეშტი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა

1 კვირის წინ ქართული სპორტი
2 წთ

გიორგი ბერიძემ უნგრეთში დაბრუნებიდან ძალიან მალე, სადებიუტო გოლის გატანა მოახერხა.

უნგრეთის თასის მერვედფინალურ ეტაპზე "უიპეშტი" სტუმრად "დოროგის" შეხვდა და (1:0) მოუგო. შეხვედრაში ბუდაპეშტელთა ორივე ქართველი ფეხბურთელი, დავით კობოური და გიორგი ბერიძე განაცხადში მოხვდა. "დინამო თბილისის" აღზრდილი ცენტრალური მცველი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, ხოლო ბერიძემ ძირითადი შემადგენლობიდან ითამაშა და შეხვედრაში ერთადერთი გოლის გატანა შეძლო.

გიორგი ბერიძეს ბევრი მომენტი ჰქონდა და ლამაზი გოლის გატანაც შეეძლო, როცა კუთხურიდან პირდაპირ კარისკენ გაგზავნილი ბურთი ხარიხამ მოიგერია. ქართველმა გუნდს გამარჯვება მე-20 წუთზე ჯარიმიდან ჩაწოდებულ ბურთზე, თავით, დასწრებაზე უკეთ თამაშის შედეგად გატანილი გოლით მოუპოვა.

მნიშვნელოვანია, რომ გიორგი ბერიძეს კარიერის საუკეთესო პერიოდი სწორედ "უიპეშტში" აქვს გატარებული და არც უნგრეთის თასზე წარმატებაა მისთვის უცხო: ქართველმა შემტევმა ეს ტურნირი 2021 წელს მოიგო. გიორგი ბერიძე გუნდში რამდენიმე კვირის წინ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა, იქამდე კი "ანკარაგუჯუსა" და "ქოჯაელისპორში" თამაშობდა.

"უიპეშტი" ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და თავის მეტოქეს ელოდება, რაც შეეხება ჩემპიონატს, აქ გუნდი 21 ტურის შემდეგ დაგროვებული 29 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს და შემდეგ შეხვედრას 1 მარტს, ბუდაპეშტურ დერბიში, ილია ბერიაშვილის "მტკ-სთან" საშინაო კედლებში გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები