Corriere dello Sport: "დე ლაურენტისი ჩქარობს და კვარას უკეთეს პირობებს სთავაზობს"
5 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
იტალიური მედიის ინფორმაციით, "ნაპოლის" მიზანია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნება მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს მოახერხოს.
ნეაპოლური გუნდის ხელმძღვანელებს სურთ, რომ ქართველი ფეხბურთელის გუნდში დარჩენა გარანტირებული გახადონ და ეს ამბავი რაც შეიძლება მეტად დააჩქარონ. Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იმ მიზნით, რომ 23 წლის ქართველმა ვარსკვლავმა ნეაპოლში დარჩენა გადაწყვიტოს, მას გაუმჯობესებულ ფინანსურ პირობებს სთავაზობენ.
"კვარა ამჟამად, ყოველწლიური ანაზღაურების სახით 1.8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, აურელიო დე ლაურენტისმა კი გადაწყვიტა, რომ განახლებულ კონტრაქტში მას 5 მილიონი ევრო და ბონუსების სახით კიდევ დამატებითი თანხა შესთავაზოს, რაც წლების განმავლობაში 7 მილიონს გაუტოლდება. კონტრაქტი 2029 წლამდე გახანგრძლივდება.
ჯერჯერობით უცნობია თავად ფეხბურთელის რეაქცია აღნიშნულთან დაკავშირებით. ამავე დროს, აქტიურად განიხილება კონტრაქტის შეწყვეტის პუნქტის დამატებაც", - წერს Corriere dello Sport.
ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და გოლის გატანაც მოახერხა, "ნაპოლიში" 2 სეზონის განმავლობაში 88 მატჩში 25 გოლი გაიტანა და გუნდს ისტორიაში მესამედ სკუდეტო მოაგებინა.