ჩემპიონთა ლიგა: ქართველი ფეხბურთელების შედეგები საწყის რაუნდში
უეფას ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპის საწყისი რაუნდის მატჩების უმეტესობა უკვე შედგა. უკვე ცნობილია ის რამდენიმე გუნდი, რომლებიც გამოსვლას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს.
საწყის რაუნდში მონაწილეობა სამმა ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო. მათმა გუნდებმა გამარჯვებას მიაღწიეს და მეორე ეტაპზე გავიდნენ.
ყაზახეთის მოქმედმა ჩემპიონმა ალმაატის ქაირათმა სლოვენიური ტიტულის მფლობელ ლუბლიანას ოლიმპიას სძლია. ყაზახებმა, რომელთა ლიდერებიც გიორგი ზარია და ლუკა გადრანი არიან, სლოვენიის დედაქალაქში ფრედ ითამაშა, ხოლო საშინაო კედლებში 2:0 იმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. განსაკუთრებით სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ორივე ქართველი ფეხბურთელი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა. გიორგი ზარიას, რომელმაც ტრავმის მიზეზით სანაკრებო შეკრებაც გამოტოვა, ყაზახეთის ჩემპიონატის გასულ ტურში თურანთან 45 წუთი ჰქონდა ნათამაშები, უახლოეს შეხვედრაში კი მოედანზე ნახევარ საათზე მეტი დრო გაატარა. ლუკა გადრანს, ხანგრძლივი დაზიანების გამო 2025 წელს საერთოდ არ უთამაშია, ოლიმპიასთან საპასუხო მატჩში კი წელს სადებიუტოდ განაცხადში გამოჩნდა. ქართველების გუნდის მეტოქე მომდევნო წრეში ფინური კოუპიო იქნება.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემტევის, ლაშა ოდიშარიას გუნდმა, ლატვიურმა რფს-მა ესტონურ ლევადიას ორივე მატჩში მინიმალური უპირატესობით (1:0, 1:0) აჯობა და მეორე ეტაპზე გავიდა, სადაც შვედურ მალმიოს შეხვდება, ხოლო ესტონელები, შესაბამისად, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, იბერია 1999-ს მეტოქეები იქნებიან. 22 წლის ფეხბურთელმა ორივე მატჩში მოედანზე 80 წუთზე მეტი დრო გაატარა.
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საწყისი მატჩები ორივე გუნდს 22 ივლისს, ხოლო საპასუხო 29 რიცხვში აქვთ დაგეგმილი.