Belive

"ჩემი სამშობლოს მხარდაჭერა უდიდესი მოტივაციაა, ეს მაძლევს ძალას" - მერაბ დვალიშვილი

2 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

UFC 320-ის ივენთამდე 2 დღეზე ნაკლებია დარჩენილი - კვირას, გამთენიისას, მერაბ დვალიშვილი კიდევ ერთხელ შეეცდება სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამრის დაცვას.

დვალიშვილის მეტოქე ამჯერად კორი სენდჰეგენია, რომელიც კარგი სტრაიკერია, მაგრამ ქართველი მებრძოლი აღნიშნავს, რომ მიზანი ნოკაუტით გამარჯვებაა. ივენთის ბრძოლის კვირაში მებრძოლებმა უკვე გამართეს პირისპირ დგომი, რის შემდეგაც მედიასთან ისაუბრეს.

Fight Week Focus-თან ინტერვიუს დროს, მერაბ დვალიშვილმა საინტერესო საკითხების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მოტივაციის მთავარი წყარო სამშობლოსა და ქართველი ხალხის სიყვარულია.

დაახლოებით 1 წლის წინ სანამ ჩემპიონი გავხდებოდი, ამ ყველაფრის შესახებ არც ვფიქრობდი და ოცნებაც კი არ შემეძლო, რადგან საკმაოდ რთულია - იყო UFC-ს ჩემპიონი ეს წარმოუდგენელი რამ არის. ახლა კვლავ მიწევს ჩემპიონის ქამრის დაცვა და კიდევ უფრო უკეთესი ვხდები. ახლა თითქმის მჯერა, რომ ჩემს წონით კატეგორიაში საუკეთესო მებრძოლი ვარ.

ყველაფერი შრომისმოყვარეობიდან გამომდინარეობს, მჯერა რომ თავდაუზოგავ შრომას შეუძლია ნიჭის დამარცხება. უამრავი ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ სიზარმაცე და გართობა დროს აკარგვინებს. ისეთი შრომისმოყვარე ადამიანები, როგორიც მე ვარ, მოვლენ და ამ შესაძლებლობას წაგართმევენ. მე გამოვიმუშავე ის, რაც გამაჩნია. თავდაუზოგავმა შრომამ უკეთესი გამხადა. ახლა ძალიან ძლიერი ვარ და შემიძლია ამ ნიჭიერი ადამიანების დამარცხება.

საოცრად დიდი თავდაგადასავალი იყო, როდესაც სამშობლოში დავბრუნდი და ჩემპიონის ქამარი ჩავიტანე. გულშემატკივრებმა და ყველამ უდიდესი სიყვარული და მხარდაჭერა დამანახეს. ყველას უნდოდა, რომ შემხებოდა და შოკირებული ვიყავი, რადგან მივხვდი, რომ ამ ახალაგზრდებზე და გულშემატკივრებზე დიდი გავლენა მოვახდინე, მათ კი სიყვარულისა და მხარდაჭერის გამოხატვა სურდათ. სწორედ ესაა მოტივაცია - ჩემი სამშობლო და ქართველების მხარდაჭერა არის უდიდესი მოტივაცია. ეს მაძლევს ძალას, რომ გავნაგრძო ჩემი საქმიანობა. - მერაბ დვალიშვილი.

როგორც აღვნიშნეთ, UFC 320-ის ივენთი 5 ოქტომბერს, გამთენიისას შედგება. მერაბ დვალიშვილისა და კორი სენდჰეგენის საჩემპიონო ბრძოლა დაახლოებით დილის 07:00 საათზე დაიწყება, რის შემდეგაც ივენთის კიდევ ერთ საჩემპიონო დაპირისპირებას ვიხილავთ, რომელშიც ალექს პერეირა მაგომედ ანკალაევის დამარცხებას და ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებას შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი 2024 წლის 15 სექტემბერს, შონ ო'მალისთან გამარჯვებით დაისაკუთრა. ამ ბრძოლის შემდეგ, "მანქანამ" ქამარი ორჯერ (უმარ ნურმაგომედოვი, შონ ო'მალი) დაიცვა. ასევე აღსანიშნავია, რომ დვალიშვილს უკვე ეკუთვნის წარმატებული თეიქდაუნების რეკორდი (97) და კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ ეცდება, რომ სტატისტიკა კიდევ უფრო გააუმჯობესოს.

სხვა სტატიები