Belive

ბუნდესლიგის დასკვნითი ტური: რა შანსი რჩება ჰაიდენჰაიმს?

6 თვის წინ ქართული სპორტი
3 წთ

ქართველ ლეგიონერებს ევროპაში გასული წლების განმავლობაში გამორჩეული წლები აქვთ. ერთ-ერთი მათგანი საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, ბუდუ ზივზივაძეა, რომელსაც წელს ტოპ 5 ლიგაში სადებიუტო სეზონი აქვს. "ჰაიდენჰაიმი" გერმანიის ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, ქართველი ფეხბურთელის გუნდს ამისთვის რამდენიმე გზა აქვს.

მინიმალური მიზანი სამხრეთგერმანულმა გუნდმა უკვე შეასრულა და დასკვნით ორ პოზიციაზე არ გავიდა, რაც მეორე ბუნდესლიგაში პირდაპირ გავარდნას ნიშნავს. მე-16 პოზიცია, რომელზეც ახლა "ჰაიდენჰაიმია", გადათამაშებაში მოხვედრის ტოლფასია.

არსებობს შესაძლებლობა, რომ 31 წლის ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ბუნდესლიგაში ადგილი გადათამაშების გარეშეც შეინარჩუნოს, რისთვისაც სულ მცირე მე-15 პოზიციაზე გასვლაა საჭირო. ამ მომენტში, დასკვნითი ტურის წინ, სატურნირო ცხრილი ასეთია: "ჰაიდენჰაიმს" 29 ქულა აქვს და მე-16 ადგილზეა, მათი უახლოესი კონკურენტი "ჰოფენჰაიმი" 32 ქულით მე-15 პოზიციას იკავებს. ბუნდესლიგაში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში გადამწყვეტი გატანილ/გაშვებული გოლების ბალანსია, რომელშიც ამ მომენტში ექვსბურთიანი უპირატესობა სინშეიმელებს აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ ბუდუს გუნდი, შემდეგ სათამაშო კვირაში, საშინაო კედლებში, "ფოიტ არენაზე" ბრემენის "ვერდერთან" 3 ქულას აიღებს, ხოლო "ჰაიდენჰაიმი" უკვე გაჩემპიონებულ მიუნხენის "ბაიერნთან" წააგებს, ბურთების სხვაობა კი დადებითი იქნება, ზივზივაძის გუნდი ბუნდესლიგაში ადგილს პირდაპირ შეინარჩუნებს. თუ გუნდების გატანილ/გაშვებული გოლების რაოდენობაც თანაბარი იქნება, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი, გატანილი გოლების რაოდენობა ხდება, ამ მომენტისთვის "ჰოფენჰაიმს" 46 გოლი აქვს გატანილი, ხოლო "ჰაიდენჰაიმს" 36. თუ ეს კომპონენტიც თანაბარი იქნება, მაშინ გადამწყვეტი ურთიერთშეხვედრები ხდება, სადაც გუნდებს ორივე მატჩი ფრედ აქვთ ნათამაშები, აქ კი უკვე საქმეში ურთიერთშეხვედრებში სტუმრად გატანილი გოლები ერთვება. ამ კომპონენტში უპირატესობა ბუდუს გუნდს აქვს, რადგან საშინაო შეხვედრაში უგოლო ფრე დაფიქსირდა, ხოლო სტუმრად 1:1. მნიშვნელოვანია, რომ ეს გოლი სწორედ ბუდუ ზივზივაძეს აქვს გატანილი. შესაბამისად, რეალისტური ვარიანტი არის ის, რომ "ჰაიდენჰაიმმა" შინ "ვერდერს" რაც შეიძლება დიდი სხვაობით აჯობოს და "რეკორდმაისტერს" "ჰოფენჰაიმთან" დიდი უპირატესობით გამარჯვებაში უგულშემატკივროს.

გადათამაშებაში მოხვედრის შემთხვევაში, "ჰაიდენჰაიმის" მეტოქე მეორე ბუნდესლიგაში მესამე პოზიციაზე გასული გუნდი იქნება, რომელიც ამ მომენტში "ელვერსბერგია".

"ჰაიდენჰაიმი", რომლის თანამედროვე ისტორიაც 21-ე საუკუნიდან იწყება, რანგით ქვედა ლიგაში არასდროს დაქვეითებულა და 2008 წლიდან მოყოლებული მეხუთე ლიგიდან ბუნდესლიგამდე ყველა საფეხური ნაბიჯ-ნაბიჯ გაიარა.

სხვა სტატიები