ბუდუ ზივზივაძე: "ევროპის ჩემპიონატზე თამაში დიდ სიამაყესთან ერთად, განსაკუთრებული გამოცდილებაა"
3 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის შემდეგ ტურში "მაგდებურგთან" მატჩის წინ, "კარლსრუეს" ქართველ თავდამსხმელ, ბუდუ ზივზივაძესთან, მეტოქე გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა ინტერვიუ ჩაწერა. "მაგდებურგის" მედიასთან საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ საუბრობს.
"თავიდან ქვეყანასთან და გუნდთან შეგუება მიჭირდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა. ახლა მე და ჩემი ოჯახი გერმანიაში თავს კომფორტულად ვგრძნობთ, რაც ჩემს თამაშზეც აისახება. გარემო მშვიდი, უსაფრთხო და თავისუფალია. ეს არის ყველაზე მთავარი ცხოვრებაში. ასეთი კარგი პერიოდი არცერთ ქვეყანაში არ გვქონია და ამიტომ გვიყვარს აქ ცხოვრება.
მეორე ბუნდესლიგა ძალიან განსხვავდება იმ ლიგებისგან, რომლებშიც აქამდე ვთამაშობდი. მხოლოდ დანიასთან მსგავსებას ვხედავ. სიჩქარე, ინტენსივობა, ბრძოლა, ეს ის კომპონენტებია, რომლებიც ქმნიან მეორე ბუნდესლიგას. ხალხმრავლობის თვალსაზრისით, სტადიონები სავსეა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთის ხარისხისთვის. ნებისმიერ გუნდს შეუძლია სხვასთან გამარჯვება, რაც ლიგას საინტერესოს ხდის.
ჩემს ქვეყანასთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტოდ მივიღე მონაწილეობა. ეს დიდი სიამაყის გრძნობა და ასევე, დიდი გამოცდილება გახლავთ. მიხარია, რომ გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილის შეტანა შევძელი. იმედი მაქვს, საქართველოს ნაკრები წარმატებას მომავალშიც გააგრძელებს.
მაგდებურგში რთულ თამაშს ველოდები, რადგან ჩვენი მეტოქე კარგი გუნდია. უნდა გვახსოვდეს, რომ მათ სახლში ჯერ არ მოუგიათ, რაც ორმაგი მოტივაცია იქნება მათთვის: საკუთარი გულშემატკივრების წინაშე სეზონში სადებიუტო სამი ქულის მოსაპოვებლად ითამაშებენ. ამავე დროს, ჩვენი მიზანიც ყველა თამაშის მოგებაა და არც ეს შეხვედრა იქნება გამონაკლისი. ასე რომ, რთული თამაში იქნება. თუ ჩვენს თამაშს ვაჩვენებთ, მჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ.
როცა დასვენების დღე მაქვს, მიყვარს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დროის გატარება. ჩვენ ხშირად ვთამაშობთ სხვადასხვა სამაგიდო თამაშებს, ან პარკში დავდივარ ჩემს ქალიშვილთან ერთად", - ამბობს საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი.
მეორე ბუნდესლიგაში 5 ტურის შემდეგ "კარლსრუეს" დიუსელდორფის "ფორტუნასთან" ერთად სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიცია უკავია, "მაგდებურგთან" მოახლოებული მატჩი კი 22 სექტემბერს, სტუმრად უნდა გამართოს. რაც შეეხება ბუდუ ზივზივაძეს, მის აქტივში მეორე ბუნდესლიგასა და გერმანიის თასზე 7 გოლი და 2 საგოლე პასია, ის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.