"ბორდალასისა და ქართველი ფეხბურთელის გზები ისევ იკვეთება" - ქოჩორაშვილი ლა ლიგის გუნდს სურს
საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი ახალი სეზონიდან უდიდესი ალბათობით გუნდს შეიცვლის. გავრცელებული ინფორმაციების უმეტესობაში საუბარია იმის შესახებ, რომ 27 წლის ქართველი ფეხბურთელი ესპანეთში უნდა დაბრუნდეს, უახლესი ცნობებით კი ის მადრიდული ხეტაფეს ინტერესთა სფეროშია.
"ესპანური ხეტაფე დაინტერესებულია ქოჩორაშვილით, ფეხბურთელით, რომელიც მომავალი სეზონისთვის ლისაბონელთა გეგმებში არ შედის. მადრიდის გარეუბნის კლუბს ქართველის იჯარით აყვანა სურს, ხოლო ჟოზე ალვალადეს ბინადარნი მის დაუყოვნებლივ გაყიდვას ითხოვენ, რათა დაახლოებით ერთი წლის წინ, ლევანტესთვის გადახდილი 5.5 მილიონი ევრო დაიბრუნონ.
ამ თვალსაზრისით, ტრანსფერს ჯერ კიდევ სჭირდება მოლაპარაკებების გზით შეთანხმება. შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს ფეხბურთელის იჯარით გაშვების ვარიანტი საწყისი საფასურით და 2027 წლისთვის გამოსყიდვის უფლებით. ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როდესაც მადრიდელებს, ესპანეთის ლიგის მიერ დაწესებული ფინანსური შეზღუდვების გამო, მოთამაშეთა დარეგისტრირებაზე გარკვეული პრობლემები ექმნებათ.
მიუხედავად სპორტინგში შეუმჩნეველი სტატისტიკისა, ნახევარმცველს ესპანურ ბაზარზე მაინც დიდი მოთხოვნა აქვს. ეს ლევანტეს რიგებში მისი კარგი გამოსვლის დამსახურებაა. იმ გუნდის, რომლის ლა ლიგაში დაწინაურებაშიც მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.
უკვე ცნობილი ფაქტია, რომ მიუხედავად 2030 წლამდე მოქმედი კონტრაქტისა და გამოსასყიდი პუნქტისა, 27 წლის ქართველი იმ ოფციებიდან ამოშლილია, რომელთაც სპორტინგში შემდეგ სეზონში განიხილავენ", - წერს abola.
გიორგი ქოჩორაშვილმა ლისაბონის სპორტინგში გასული სეზონი გაატარა და 26 მატჩში მონაწილეობის შესაძლებლობა მიიღო, რა დროშიც 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.
ხოსე ბორდალასის გაწვრთნილმა გუნდმა ლა ლიგაში ერთ-ერთი ისტორიული სეზონი ჩაატარა და მეშვიდე ადგილის დაკავებით კონფერენს ლიგის საგზური გაინაღდა.
ხოსე ბორდალასს ქართველ ფეხბურთელთან მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს. 2021 წელს, ვალენსიაში, გიორგი მამარდაშვილის მთავარ გუნდში დაწინაურება სწორედ გამოცდილი ესპანელი სპეციალისტის დროს მოხდა.