Belive

ბომბარდირობის შანსი მიქაუტაძეს: უეფამ ევრო 2024-ზე წესები შეცვალა

5 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსის მოპოვების შანსი ისევ აქვს. კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ უეფამ ტურნირზე "ოქროს ბუცის" მოსაპოვებლად არსებული კრიტერიუმები შეცვალა და ქართველ ფეხბურთელს წარმატების მიღწევის შანსი დაუბრუნდა.

როგორი წესი მოქმედებდა აქამდე?

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის დადგენილება ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის გამოსავლენად აქამდე შემდეგნაირი გახლდათ: თუ გათამაშების დასრულების შემდეგ, ბომბარდირთა დავაში ყველაზე მეტი გატანილი გოლი ერთზე მეტ ფეხბურთელს ექნებოდა, გადამწყვეტი, საგოლე პასების რაოდენობა იქნებოდა. თუ ფეხბურთელები ამ კომპონენტშიც თანაბარ შედეგებს აჩვენებდნენ, მაშინ უპირატესობა იმ მოთამაშეს მიენიჭებოდა, რომელსაც შესაბამისი რაოდენობის გოლის გასატანად უფრო ცოტა დრო დასჭირდა. ამ წესების მიხედვით, ამ მომენტისთვის, ტურნირზე სამი გოლი გიორგი მიქაუტაძეს და კიდევ ხუთ ფეხბურთელს: ივან შრანცს (სლოვაკეთი), ჰარი კეინს (ინგლისი), ჯამალ მუსიალას (გერმანია), კოდი გაკპოს (ნიდერლანდები) და დანი ოლმოს (ესპანეთი) აქვთ. მათ შორის საუკეთესო შედეგი დანი ოლმოს აქვს, 2 საგოლე პასი, რაც ესპანელთა ათიანს აქამდე ბომბარდირობასთან ყველაზე ახლოს მყოფ მოთამაშედ აქცევდა.

რა იცვლება ახალი წესების მიხედვით?

უეფას გადაწყვეტილებით, თუ ფინალური მატჩის შემდეგ, ამ მიმართულებით არაფერი შეიცვლება და რომელიმე ფეხბურთელი 3-ზე მეტი გოლის გატანას ვერ შეძლებს, ყველა მოთამაშე, რომელსაც თანაბარი რაოდენობის გოლი ექნება, "ოქროს ბუცის" მფლობელი და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდება.

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალური მატჩი 14 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მნიშვნელოვანია, რომ გიორგი მიქაუტაძემ ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში გოლის გატანა მოახერხა და პლეი-ოფებამდე საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით მივიდა.

სხვა სტატიები