ბიჭებო რას აკეთებთ, ბრაზილია ხომ არ ხართ?
ალბანეთი - საქართველოს მატჩის დასრულებიდან 5 წუთიც არ იყო გასული, რომ ინსტაგრამზე ჩემი ბერძენი მეგობრისა და კოლეგის მესიჯი წამომეწია: "ბიჭებო რას აკეთებთ, ბრაზილია ხომ არ ხართ?"
გუშინ ყველა სიხარულით ეიფორიაში ვიყავით, დღეს დილით სამსახურისკენ მიმავალ გზაზე, თავში სულ ეგ ფრაზა მიტრიალებდა: მაინც რა ძალა აქვს ფეხბურთს? გადააბამ რამდენიმე კარგ თამაშს და რამდენიმე მილიონი კაცით მეტმა იცის შენზე.
თუმცა, აქ მხოლოდ რამდენიმე კარგ თამაშზე არაა საუბარი, საუბარია დალაგებულ, მაღალი კლასის გუნდზე, რამდენიმე ვარსკვლავით და ჯარისკაცებით, რომლებიც ამ ვარსკვლავებს ცხოვრებას უადვილებენ. ასე იყო გუშინაც, ტირანაში ამ ალბანეთთან თამაში მარტივი რომ არაა, ბოლოდროინდელი სტატისტიკიდანაც ჩანს, თამაშიც ისეთი იყო, როგორსაც ველოდით, ერთი გოლი გადაწყვეტდა გამარჯვებულის ვინაობას, ეგეც იმ შემთხვევაში თუ გავიდოდა - ჰოდა გავიდა, ქოჩორამ "ჩააჭედა". კი, ქოჩორამ, რაც იმის ნათელი მაგალითია რამხელა მნიშვნელობა აქვთ არაშემტევების ფანტაზიას, მაშინ როცა გუნდის მთავარი გამტანები მძიმე მარწუხებში არიან.
ჰო, მართლა, რამხელა პროგრესია, არა? წარმოიდგინეთ 5-6 წლის წინ ჯგუფში უკრაინა, ალბანეთი და ჩეხეთი რომ გვყოლოდა, რეალურად რამდენი ქულის იმედი გვექნებოდა? იმდენის ნამდვილად არა, რომ ჯგუფიდან გავსულიყავით, ახლა კი შეხედეთ ციფრებს: მატჩი -2, მოგება - 2, ქულა - 6, გატანილი - 5, გაშვებული - 1, თან არაფერი შემთხვევითი, ყველაფერი დაგეგმილი და კარგად შესრულებული. ბედნიერებაა და წინასწარი კომფორტი, როცა იცი თუ რამხელა სიხარულის მოტანა შეუძლია ამ ნაკრებს. არ ვამბობ რომ ჯგუფში ყველა თამაშს მოვიგებთ, თუმცა ეს ორი თამაში თამამი განაცხადია დარჩენილი ოთხის წინ, რომ ჯგუფს პირველ პოზიციაზე დავასრულებთ.
"„ამიერიდან სულის ჩემის ხომალდი მალი
უკეთეს წყალთა საუფლოში ზეასწევს აფრას,
ჩვენს უკან დარჩა ზღვა ასევე აზვავებული“"
დანტე ალიგიერის "ღვთაებრივი კომედიის" ეს მონაკვეთი პირველია რაც ამ ორ თამაშს შემაჯამებინებს, ჰოდა არა, ბრაზილია არ ვართ, საქართველო ვართ და ყველა მოგება განსაკუთრებით გვიხარია.