ბერიძე ქოჯაელისპორიდან სამშობლოში დაბრუნდა: ქართველს უნგრული გუნდები იწვევენ
საქართველოს ნაკრებში თამაშის გამოცდილების მქონე შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ბერიძე, "ქოჯაელისპორს" ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას kocaelitv ავრცელებს, რომელიც წერს, რომ 27 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გუნდთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეაჩერა.
მედია საშუალების ინფორმაციით, გიორგი ბერიძე გუნდისგან 175 000 ევროს მიიღებს, რომელიც ფეხბურთელისათვის დავალიანებისა და კონტრაქტის გაწყვეტის გამო "ქოჯაელისპორს" ექნება გადასახდელი. ასევე, ცნობილია, რომ ბერიძე უკვე თავისუფალი აგენტი გახდა, საქართველოში დაბრუნდა და ახალ შემოთავაზებებს ელის.
დიდია ალბათობა იმისა, რომ გიორგი ბერიძე ისევ უნგრეთის ჩემპიონატში ვიხილოთ. ეს ის ლიგაა, რომელშიც ბერიძეს კარიერის საუკეთესო პერიოდი ჰქონდა. გამორჩეული სეზონი 2022 წლის საწყის ნახევარში გამოდგა, როცა ბუდუ ზივზივაძესთან ერთად წყვილში "უიპეშტის" მთავარი ლიდერი გახლდათ, სეზონით ადრე კი ქვეყნის თასიც მოიგო. სწორედ "უიპეშტია" ერთ-ერთი იმ უნგრულ გუნდთაგანი, რომელსაც ტრანსფერის განხორციელება სურს.
გიორგი ბერიძის საფეხბურთო კარიერა "ზესტაფონში" იწყება, საიდანაც ის ჯერ გორის "დილაში", შემდეგ კი ბელგიურ "გენტში" მოხვდა. ბელგიელებმა ქართველი რამდენჯერმე გაანათხოვრეს, კონკრეტულად, ჩეხურ "ტრენჩინში", უნგრულ "უიპეშტსა" და ადგილორბივ "ლოკერენში". უნგრეთში 2020 წლის შემოდგომიდან 2022 წლის ზაფხულამდე თამაშის შემდეგ, ბერიძემ თურქეთში, ჯერ "ანკარაგუჯუში" (სუპერ ლიგაში"), შემდეგ კი რანგით მეორე ლიგის წარმომადგენელ "ქოჯაელისპორში" ითამაშა. გიორგი ბერიძეს საქართველოს თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული და გოლი გატანილი, ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდში კი მის აქტივში 7 მატჩში 1 გატანილი გოლია (მონღოლეთის ნაკრებთან).