Belive

ბექაური, შავდათუაშვილი და ზაალიშვილი რამდენიმე საფეხურით წინ - IJF-მ რეიტინგი განაახლა

8 თვის წინ ქართული სპორტი
4 წთ

4-6 აგვისტოს, უნგრეთის დედაქალაქმა ბუდაპეშტმა, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის შეჯიბრს - უნგრეთის მასტერსს უმასპინძლა, სადაც საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში, 6 მოპოვებული მედლით, მესამე ადგილი დაიკავა. 

უნგრეთის მასტერსის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც რამდენიმე საინტერესო და მნიშვნელოვანი ცვლილებაა. 

60 კგ 

60 კგ წონით კატეგორიას ახალი ლიდერი, იაპონელი - რიუჯუ ნაგაიამა ჰყავს, რომელმაც უნგრეთის მასტერსი ოქროს მედლით დაასრულა.

უმედლოდ ჩატარებული უნგრეთის მასტერსის შემდეგ, მსოფლიო რეიტინგში 1 საფეხურით დაქვეითდა გიორგი სარადალაშვილი, რომელიც ახლა მე-5 პოზიციას 4983 სარეიტინგო ქულით იკავებს. 

66 კგ

უნგრეთის მასტერსზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია ვაჟა მარგველასვილის პირველივე ეტაპიდან გამოთიშვა იყო. ამის გამო, ვაჟამ მსოფლიო რეიტინგში 2 პოზიცია დაკარგა და 3894 ქულით მერვე პოზიციას იკავებს. 

წონის ლიდერი კვლავ მოლდოველი - დენის ვიერუა, რომლის ანგარიშზეც 7355 სარეიტინგო ქულაა. 

73 კგ

უნგრეთის მასტერსზე 73 კგ წონით კატეგორიაში მოპოვებული ბრინჯაოს მედლით, ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო რეიტინგში 4 საფეხურით დაწინაურდა და ახლა იგი 5332 სარეიტინგო ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. 

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში შავდათუაშვილმა თანამემამულე - გიორგი ტერაშვილი დაამარცხა. მსოფლიო რეიტინგშ დაწინაურდა გიორგი ტერაშვილიც, რომელმაც 3 საფეხურით წინ წაიწია და 2587 ქულით მე-18 პოზიციას იკავებს.

81 კგ

81 კგ წონით კატეგორიაში ლიდერი კვლავ ტატო გრიგალაშვილია, რომელმაც უნგრეთის მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტატო გრიგალაშვილის ანგარიშზე 9625 სარეიტინგო ქულაა და მეორე ადგილზე მყოფ, ბელგიელ - მატიას კასეს (უნგრეთის მასტერსის ჩემპიონი სწორედ იგი გახდა) 520 ქულით უსწრებს. 

90 კგ

2023 წელს უკვე მესამედ, 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა, სადაც ამჯერად გამარჯვებული ლაშა ბექაური გახდა. 

ამ მოპოვებული ოქროს მედლით, ლაშა ბექაური რეიტინგში 5 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი გახდა, რომლის ანგარიშზეც 5800 ქულაა. პირველი ნომერი კი ლუკა მაისურაძეა, რომელსაც 7810 სარეიტინგო ქულა აქვს. 

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიო რეიტინგში 2 პოზიციით დაქვეითდა ბექა ღვინიაშვილი, რომლის ანგარიშზეც 4178 ქულაა და მეშვიდე პოზიციას იკავებს. 

100 კგ

100 კგ წონითი კატეგორიის სათავეში ცვლილებები არ არის. წონითი კატეგორიის ლიდერი კვლავ ილია სულამანიძეა, რომლის ანგარიშზეც 6938 სარეიტინგო ქულაა. 

უნგრეთის მასტერსის გამარჯვებული, უზბეკი - მუზაფარბეკ ტურობოევი 7 პოზიციით დაწინაურდა და მე-6 პოზიციაზეა. 

სამწუხაროდ რეიტინგში 2 პოზიციით დაქვეითდა ვარლამ ლიპარტელიანი, რომელიც ახლა 3229 სარეიტინგო ქულით მე-12 პოზიციას იკავებს. 

+100 კგ

რაც შეეხება მძიმე წონას, +100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს - გელა ზაალიშვილი დაუეფლა, რომელმაც რეპეშაჟში ბრძოლისას გურამ თუშიშვილი დაამარცხა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი კოკორო კაგეურას აჯობა. 

ამ გამარჯვებით გელა ზაალიშვილი რეიტინგში 6 პოზიციით დაწინაურდა და 3206 ქულით მსოფლიო რეიტინგის მე-14 ნომერია. მე-13 პოზიციას იკავებს გურამ თუშიშვილი, რომლის ანგარიშზეც 3343 სარეიტინგო ქულაა. 

ხოლო რაც შეეხება უნგრეთის მასტერსზე +100 კგ წონითი კატეგორიის ფინელ ჩემპიონ - მარტი პუუმალაინენს, მან მოპოვებული ოქროს მედლით 1800 სარეიტინგო ქულა დაიწერა და მსოფლიო რეიტინგში 10 პოზიციით დაწინაურდა. ახლა მის ანგარიშზე 4313 ქულაა და მსოფლიო რეიტინგის მე-6 პოზიციას იკავებს. 

სხვა სტატიები