Belive

ბასილაშვილის გზა როლან გაროსის 1/8-ფინალამდე

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი 2021 წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირზე, როლან გაროსზე ასპარეზობს, სადაც პირველი რაუნდი წარმატებით დაძლია. ნიკოლოზმა 2017 წლის შემდეგ უმნიშვნელოვანეს ფრანგულ ასპარეზზე პირველი გამარჯვება მოიპოვა, მისი მეორე რაუნდის ოპონენტი საკმაოდ ნიჭიერი 18 წლის ესპანელი ჩოგბურთელი კარლოს ალკარასი იქნება. საყურადღებოა, რომ ექსპერტების აზრით ბასილაშვილისა და ალკარასის შეხვედრაში ფავორიტად ეს უკანასკნელია მიჩნეული, თანაც საგრძნობლად დიდ უპირატესობას ანიჭებენ. იმ შემთხვევაში თუ ბასილაშვილი ალკარასის ბარიერს წარმატებით დაძლევს, მისი მომდევნო მეტოქე დიდი ალბათობით ჟან ლენარდ შტრუფი იქნება, რომელმაც ანდრეი რუბლევი დაამარცხა და ერთი შეხედვით ნიკოლოზს გზა გაუკაფა. საგულისხმოა, რომ გერმანელი ჩოგბურთელი ნიკამ 2021 წელს მიუნხენის ტურნირის ფინალში 2-სეტში სძლია. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა და ბასილაშვილმა შტრუფის ბარიერიც დაძლია, მომდევნო რაუნდში, ანუ 1/8-ფინალურ ეტაპზე, სავარაუდო ოპონენტად დიეგო შვარცმანისა და ასლან კარაცევის წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის 31-ე პოზიციაზე იმყოფება და დიდი სლემის ტურნირზე მოგებული თითოეული შეხვედრა როგორც ფინანსური ასევე რეიტინგული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წინსვლის საწინდარი იქნება.

სხვა სტატიები