Belive

ბასაქშეჰირის მწვრთნელი: "იბერიას შესაძლებლობებს ძალიან ვაფასებთ, რთული მატჩი გველოდება"

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, "იბერია 1999-სთან" გასამართი საწყისი მატჩის წინ, თურქული "ბასაქშეჰირის" მთავარმა მწვრთნელმა, ჩაგდაშ ატანმა მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

"წინა სეზონი რთულად დავიწყეთ, მაგრამ საკუთარი სურვილების განხორციელება მოვახერხეთ და ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის საგხზურის მოპოვება მოვახერხეთ. ერთ თვეზე მეტია, რაც ინტენსიურად ვვარჯიშობთ და ფორმაში შევდივართ. ვფიქრობთ, "იბერია 1999-ს" ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს და მაქსიმალურად შევეცდებით და იმედი გვაქვს, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

ჩვენი მეტოქის მიმართ უსაზღვრო პატივისცემას გამოვხატავთ. საწყის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშით კმაყოფილი არ დავრჩით, მაგრამ ვფიქრობ, ახლა სხვა დონეს ვაჩვენებთ. ჩვენი მთავარი ამოცანა მთელი მატჩის განმავლობაში ბურთის ფლობა იქნება.

"იბერია 1999-ს" მატჩებს ვუყურეთ და მეტოქე კარგად შევისწავლეთ. განსაკუთრებით გიორგი კოხრეიძე მომეწონა, ის ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია. საერთო ჯამში, გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ შესამჩნევი რბილი თამაშის სტილია, ისინი ძალიან აგრესიულ ფეხბურთს არ აჩვენებენ.

ფიზიკურად "იბერია 1999" კარგად მომზადებული გუნდია, მაგრამ ამ მხრივ მაქსიმალურად კარგ ფორმაში შესვლას ვცდილობთ. ვმუშაობთ ისეთ ტრანსფერებზე, რომლებიც გუნდს როგორც ფიზიკურად, ისე ტაქტიკურად გააძლიერებენ. ჩვენი მიზანია, რომ როგორც ბურთიანი, ისე უბურთოდ მყოფი ფეხბურთელები მაქსიმალურად მობილიზებულები იყვნენ და თამაშის დროს მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვიყოთ.

საქართველოს ნაკრების თამაშს ევროპის ჩემპიონატზე ძალიან კარგად შევაფასებ. ვფიქრობ, თქვენი ნაკრები ყველაზე ორგანიზებული გუნდია, რომელმაც ამ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღო. განსაკუთრებულად კარგად ოთარ კიტეიშვილს დავახასიათებ, რომელიც ჩემი ფავორიტი ფეხბურთელია. ვფიქრობ, თურქულმა გუნდებმა ქართველ ნიჭიერ ფეხბურთელებს ყურადღება უნდა მიაქციონ", - ამბობს თურქი სპეციალისტი.

"იბერია 1999" "ბასაქშეჰირს" 8 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები