Belive

ბაქოს გრანდ სლემი: დღე I - ტატამზე 6 ქართველს ვიხილავთ

2 თვის წინ ქართული სპორტი
3 წთ

16-18 თებერვალს, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო, ბაქოს გრანდ სლემს უმასპინძლებს. წლის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გრანდ სლემზე, საქართველოს ნაკრები 21 სპორტსმენით მიიღებს მონაწილეობას, საიდანაც 14 მამაკაცი, ხოლო 7 ქალია.

პირველ საშეჯიბრო დღეს, ტატამზე მამაკაცებიდან 60 და 66 კგ, ხოლო ქალებიდან 48, 52 და 57 კგ წონითი კატეგორიები იასპარეზებენ.

60 კგ

60 კგ წონით კატეგორიაში 2 წარმომადგენელი გვეყოლება: თემურ ნოზაძე და ამირან დარბაისელი.

თემურ ნოზაძე B ბადეში განუთესავი იქნება, შესაბამისად ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან იწყებს, სადაც იგი მექსიკელ - არათ ხუარეზს შეხვდება. მექსიკური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი მისი მეტოქე, აზერბაიჯანელი - თურან ბაირამოვი იქნება.

რაც შეეხება ამირან დარბაისელს, 24 წლის ქართველი ფალავანი D ბადეში განუთესავია და მისი მეტოქე, იტალიელი - ანდრეა კარლინო იქნება. იტალიელის დამარცხების შემთხვევაში კი იგი უკრაინელ - არტიემ ლესიუკს დაუპირისპირდება.

66 კგ

60 კგ წონითი კატეგორიის მსგავსად, 66 კგ წონით კატეგორიაშიც 2 ფალავანით ვიასპარეზებთ: თორნიკე მაზიაშვილი და გიგი ოტიაშვილი.

საქართველოს ნაკრების დებიუტანტებს საკმაოდ რთული გამოცდა ელით, რადგან ორივე განუთესავია და მათ საკმაოდ რთული მეტოქეები ჰყავთ.

თორნიკე მაზიაშვილის მეტოქე პირველივე ეტაპზე, ისრაელის წარმომადგენელი - ტალ ფლიკერი იქნება. ფლიკერის დამარცხების შემთხვევაში კი იგი, ფილიპინელ - შუგენ ნაკანოსა და ყაზახ - შუნგათ ზუბატკანს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება 21 წლის გიგი ოტიაშვილს, იგი C ბადეში განუთესავია და პირველივე ეტაპზე იტალიელ - მატეო პირასს დაუპირისპირდება.

57 კგ

57 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას: ეთერ ლიპარტელიანი და ნინო ლოლაძე დაიცავენ.

ეთერ ლიპარტელიანი ასპარეზობას B ბადეში იწყებს და მისი მეტოქე, უზბეკი - შუკურჯონ ამინოვა იქნება. უზბეკური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი ეთერ ლიპარტელიანის მეტოქე, აზერბაიჯანელ - ფიდან ალიზადასა და ესპანელ - იაონე ეკისკაინს შორის გამარჯვებული იქნება.

რაც შეეხება ნინო ლოლაძეს, 19 წლის ქართველ ფალავანს პირველივე ეტაპზე ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. მისი მეტოქე მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი - ნორა გიაკოვა იქნება, რომელიც კოსოვოს ღირსებას იცავს.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 10:00, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები