ბაჯოს, პირლოს და გვარდიოლას გუნდი - ბრეშას ლოჩოშვილის დამატება სურს
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, ლუკა ლოჩოშვილი ის ფეხბურთელია, რომლის მისამართითაც ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს მზარდი ინტერესი იქნება.
უახლოეს პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "კრემონეზეში" მოთამაშე 26 წლის მცველის დამატება არაერთ იტალიურ და არამხოლოდ იტალიურ გუნდს სურს, ამჟამად ყველაზე მეტად კი ისტორიული, "ბრეშა" აქტიურობს.
"მას შემდეგ, რაც გუნდიდან მანგრავიტი წავიდა, ერთ-ერთი პოზიცია, რომელიც აუცილებლად უნდა გაძლიერდეს, ცენტრალური მცველის ვაკანტური ადგილია. ამ მხრივ "ბრეშაში" ან მაქსიმ ლევერბეს ან ფედერიკო ბარბას დამატებას განიხილავენ. გარდა ამისა, გუნდი ოცნებობს ლუკა ლოჩოშვილის დამატებაზე", - წერს sport.quotidiano.
"ბრეშა" ამჟამად იტალიის სერია B-ს წარმომადგენელია, მაგრამ 1990-იან წლებში სერია A-ს ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი გახლდათ. მათ რიგებში ისეთ ფეხბურთელებს უთამაშიათ, როგორებიც რობერტო ბაჯო, ანდრეა პირლო, პეპ გვარდიოლა, გეორგე ჰაჯი, ლუკა ტონი, მარკო დელვეკიო, ქუინტონ ფორჩუნი და სხვები არიან.
ლუკა ლოჩოშვილი "კრემონეზეში" 2022 წლის ზაფხულში, ავსტრიული "ვოლფსბერგერიდან" გადაბარგდა და ჯერ სერია A-ში, შემდეგ კი სერია B-ში ითამაშა. წინა სეზონში, გუნდმა იტალიის სერია A-ში ასავლელი პლეი-ოფის ფინალური მატჩის ბარიერი ვერ დაძლია. რამდენიმე თვის წინ, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლუკა ლოჩოშვილის დამატება ესპანეთის ლა ლიგის წარმომადგენელ "რაიო ვალეკანოს" სურს.
Mercato #Brescia, in avanti può tornare Torregrossa. Difesa: sogno Lochoshvili https://t.co/wdXiOsRpRz pic.twitter.com/boBT33d52W
— Quotidiano Sportivo (@QS_sportivo) July 9, 2024