Belive

ბადრი ყაველაშვილი: "ნიჩბოსნობის ამ სახეობაში, ამ სინჯის მედალი ჩვენს ქვეყანას არასოდეს ჰქონია"

1 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ

ქართველი ნიჩბოსანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (მსოფლიო თასის პრიზიორი და ევროპის ჩემპიონი) ბადრი ყაველაშვილი მსოფლიო კანოეს ფედერაციის (ICF) მონაცემებზე დაყრდნობით, მსოფლიო რეიტინგში პირველი ადგილით ლიდერობს.

გადავწყვიტეთ, გამოცდილებაზე, წარმატებებსა თუ უიღბლობაზე თავად მასთან გვესაუბრა და უცვლელად გთავაზობთ სტატიის სახით.

რესპონდენტი ბადრი ყაველაშვილი - მსოფლიო რეიტინგში პირველი ადგილის მფლობელი ნიჩბოსნობაში

ნიჩბოსნობით მამაჩემი იყო დაკავებული, ინტერესიც აქედან წამოვიდა. მომწონდა და მინდოდა დამეწყო ვარჯიში, პირველად ვარჯიში რომ დავიწყე 12 წლის ვიყავი. პირველად, როცა დავჯექი ნავში და გავიარე, იმხელა ადრენალინი ვიგრძენი, მივხვდი რომ ეს სპორტი ჩემთვის იყო და ეს იყო სწორედ ის ადგილი, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობდი.

2013 წელს, როდესაც პირველად მივიღე მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა, გერმანიაში ქ. დუისბურგში, ზუსტად იმ ადგილას, სადაც ჩატარდა შეჯიბრი წელს. მაშინ შესარჩევ ეტაპზე, პირველ ადგილთან წავაგე 2.5 მეასედით. ამ დროს ვიყავი 17 წლის, ვერცერთ ფინალურ გაცურვაში ვერ მოვხვდი და სწორედ მაშინ მიზნად დავისახე ვყოფილიყავი პირველი. ამ წლების განმავლობაში, მქონდა ბევრი მოგებაც და წაგებაც, დაძაბულ ბრძოლებში 20 დან 25 ფინალურ გაცურვაში მივიღე მონაწილეობა, შეჯიბრებში: მსოფლიო თასზე, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატზე.

 

მსოფლიო თასის პირველ და მეორე ეტაპზე ასევე ევროპის თამაშებზე და მსოფლიო ჩემპიონატზე, სეზონის დასასრულს გამოითვალა დაგროვილი ქულები და ამ მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა რეიტინგი, სადაც მე პირველი ადგილით ვლიდერობ.

უშუალოდ გამარჯვების მომენტი რომ გავიხსენო: როდესაც დავინახე, რომ მეორე ადგილზე გავედი, ძალიან გამიხარდა, კონკრეტულად ნიჩბოსნობის ამ სახეობაში კაიაკში, ასეთი სინჯის მედალი ჩვენს ქვეყანას ამ დრომდე არასოდეს ჰქონია. რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი პირველი ადგილი იყო და მომავალ შეჯიბრებში ბრძოლას გავაგრძელებ, რათა მიზანს მივაღწიო.

აქამდე მოსასვლელი გზა მარტივი არ ყოფილა. ბევრ პრობლემას ვაწყდებით, საქართველოში ბაზებისა და საჭირო ინფრასტრუქტურის არ ქონის გამო. დამწყებ სპორტსმენებს ვურჩევ მიზნის დასახვას. პირველ რიგში, გაერკვნენ, რას უნდათ რომ ამ სპორტში მიაღწიონ. შემდეგ კი, ბრძოლის ჟინსა და დაუღალავ შრომას.

მომავალ მიზნებზე საუბრისას, რესპონდენტმა გვიპასუხა: მინდა, თბილისის კანოესა და ნიჩბოსნობის ფედერაციის განვითარება. მსურს შევქმნა ისეთი გარემო, სადაც შეეძლებათ დამწყებ და მოყვარულ სპორტსმენებს სათანადო მომზადების გავლა. არ მინდა მომავალ თაობებსაც შეხვდეთ ის სიძნელეები, რაც მე გავიარე.  უშუალოდ, პირად მიზნებს რაც შეეხება, ვაპირებ მომავალ წელსაც მივიღო შეჯიბრებში მონაწილეობა. იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებ, რათა ჩემი თავი უფრო განვავითარო და უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო.

სხვა სტატიები