as: "გიორგი წიტაიშვილისთვის ვრცელი მოგზაურობის შემდეგ გრანადა სახლი ხდება"
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ესპანური მედია საშუალება as საქართველოს ნაკრებისა და "გრანადას" გარემარბის, გიორგი წიტაიშვილის შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს, სტატიაში 23 წლის ფეხბურთელის განვლილი კარიერაა განხილული და ნათქვამია, რომ მან უკვე საკუთარი გუნდი იპოვნა.
"გიორგი წიტაიშვილი მომთაბარე ცხოვრებით ცხოვრობს. 23 წლის ასაკში ის პრაქტიკულად მთელ ცხოვრებას ქვეყნების, კულტურისა და ენების შეცვლაში ატარებს. ერთი ადგილიდან მეორეში ის ჯერ მამის, კლიმენტის საფეხბურთო კარიერის, შემდეგ კი ელიტარულ დონეზე საკუთარი თავის დამკვიდრების მცდელობის გამო მოგზაურობს.
"გრანადაში" გადმოსვლა, მისთვის ისეთი მეშვიდე სეზონია, როცა იჯარის წესით თამაში უწევს, მაგრამ როგორც ჩანს, ახლა საკუთარი თავის პოვნა მოახერხა. იმიტომ, რომ გიო, ანუ ხორხე ესპანურად, არის იქ, სადაც მას უნდა ყოფნა. "ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება ესპანეთში თამაშია", - თქვა მან თავის პრეზენტაციაზე. ალჰამბრას ქალაქში ის სარგებლობს ნდობით და არის სტაბილური, საკუთარი, როგორც ფეხბურთელის შესაძლებლობებს მშვენივრად ავლენს.
გასულ კვირას წიტაიშვილმა წითელ-თეთრ ზოლებიანი მაისურით პირველი გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა უზუნის გადაცემის შემდეგ "ბურხოსის" მეკარეს დაასწრო და გოლის გატანა შეძლო. კარგი მოძრაობა ქართველი ფეხბურთელის მხრიდან, რომელიც ამ მატჩში განსაკუთრებულად ინდომებდა. სანაკრებო პაუზის გამო ერთ შეხვედრაში არ უთამაშია, ახლა კი სადებიუტო გოლიც გაიტანა. გოლის გატანა სადებიუტო მატჩში "ალბასეტესთანაც" შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა, საგოლე პასი კი უკვე "ელჩესთან" მატჩში გააკეთა. წიტაიშვილი ყოველდღიურად უფრო მეტად ინტეგრირდება გუნდთან და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უკეთ ესმის მირტო უზუნის, რაც "გრანადასთვის" ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია თავად ქართველისთვისაც, რადგან როგორც იქნა, საკუთარი გუნდი იპოვნა.
ფეხბურთელის ცხოვრება მარტივი არ არის: ის ისრაელში 2000 წელს დაიბადა, როცა მამამისი კლიმენტი წიტაიშვილი ამ ქვეყნის ჩემპიონატში თამაშობდა. ამის შემდეგ სამშობლოში, საქართველოში დაბრუნდნენ და ფოთში ცხოვრობდნენ, სამიდან ათ წლამდე კი კვიპროსში იზრდებოდა, სადაც მამამისმა ოთხ სხვადასხვა გუნდში ითამაშა. ამის შემდეგ კვლავ საქართველოში დაბრუნება და ზუგდიდის "ბაიაში" მოთამაშე მამა, რომელიც პარალელურად მწვრთნელიც გახლდათ. ამ დროს გიორგი 14 წლის გახლავთ, მაგრამ უკვე ფეხბურთელობაზე ოცნებობს.
მიზნის მისაღწევად კიევის "დინამოს" აკადემიაში გადაბარგდა, სადაც როგორც ფეხბურთელი ჩამოყალიბდა და უკრაინის მოქალაქეობაც შეიძინა. 18 წლის ასაკში მისი დებიუტი ქვეყნის თასის ფინალში, დონეცკის "შახტართან" შედგა, მან ასევე, ევროპა ლიგაზე სათამაშო დროც მიიღო.
წიტაიშვილის კლასი უყურადღებოდ უკრაინის ნაკრების მწვრთნელებს არ დარჩენიათ, რომლებმაც ფეხბურთელის გამოძახება 17-წლამდელთა შემადგენლობიდან დაიწყეს და უკვე 20-წლამდელთა შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატზეც წაიყვანეს, გუნდში, რომელშიც ანდრეი ლუნინიც თამაშობდა. იმ მსოფლიოს ჩემპიონატზე, წიტაიშვილმა ხუთ მატჩში მონაწილეობა მიიღო, ფინალში გოლის გატანა შეძლო და უკრაინასთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატიც მოიგო.
ორი წლის შემდეგ გიომ უარი თქვა უკრაინის მოქალაქეობაზე და აირჩია საქართველოს ფერების დაცვა, ქვეყნისთვის, რომლისთვისაც მამამისი იბრძოდა და სადაც მისი ბებია და ბაბუა დაიბადნენ. ეს იყო ის, რაზეც წიტაიშვილი წლების განმავლობაში ფიქრობდა და უკრაინაში მიცემულ ინტერვიუში ასე ახსნა: „წასვლა, თუ სწორად მახსოვს, ჯერ კიდევ 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მსურდა, მაგრამ იგორ და გრიგორ სურკისის პატივისცემის გამო, მე ეს არ გავაკეთე. მიზეზი სამშობლოა. ვგრძნობ ვინც ვარ, ვამაყობ ჩემი სამშობლოთი, ვიცი, რომ ქართველი ვარ. ვიცი, რომ უკრაინა ჩემი მეორე სახლია. უკრაინის ჰიმნი რომ ჟღერს, ახლაც გულზე ხელი მიდევს. ეს არ ნიშნავს, რომ მე რომელიმე ქვეყანას ვუღალატე. მე თავიდანვე ქართველი ვარ. "დინამოში" სათამაშოდ უკრაინის მოქალაქეობა ავიღე. ბებიის მხრიდან ნათესავები მყავს. მკითხეს, ნათესავები თუ გყავს, ვუთხარი, დიახ, მოქალაქეობის შეცვლა მთხოვეს. ამიტომ გადავწყვიტე შეცვლა. რომ ჩამოვედი, ვაცნობიერებდი, რომ წარმოშობით ქართველი ვარ, მაგრამ "დინამოში" გამოსვლის გამო გადავწყვიტე შეცვლა, არც ნაკრებზე ვფიქრობდი და არც სხვა რამეზე. ბაბუას უნდოდა, საქართველოს ნაკრებში მეთამაშა, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს მისთვის მიმეძღვნა“.
საქართველოს ნაკრების არჩევა გიორგი წიტაიშვილის მხრიდან ისტორიის შექმნის მონაწილეობაც გამოდგა, რადგან ის გახდა ერთ-ერთი გმირი, რომელმაც ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა, შემდეგ კი მერვედფინალში ითამაშა.
მან უკვე იცოდა, რომელი ქვეყნის წარმომადგენლობა სურდა ნაკრებებში, ახლა "დინამოში" ადგილის მოპოვება სჭირდებოდა, მაგრამ არ გამოვიდა. ასე რომ, ის ისევ მომთაბარე ცხოვრებას დაუბრუნდა. ის უკრაინის "ჩერნომორეცში" გაემგზავრა, შემდეგ პოლონურ კრაკოვის "ვისლაში", ასევე პოლონეთის პოზნანშის "ლეხში" ჩავიდა და საქართველოში დაბრუნდა ბათუმის "დინამოში" სათამაშოდ.
"ჩემს მეუღლეს ესპანეთში სახლი აქვს, ჩემი ქალიშვილი ამ ქვეყანაში დაიბადა. როცა "გრანადადან" დამირეკეს, ბევრი ყოყმანი არ დამჭირდა და გადაწყვეტილება სწრაფად მივიღე. ამ გუნდის ფერების დასაცავად ყველაფრის გაკეთებას ვაპირებ. მირჩევნია გიო დამიძახონ, რადგან ასე თანაგუნდელები მეძახიან, მაგრამ შეგიძლიათ ესპანეთში, ხორხე მიწოდოთ", - აღნიშნა მან პრეზენტაციაზე.
მომთაბარემ თითქოს უკვე საკუთარი სახლი იპოვა", - წერს as.com.
გიორგი წიტაიშვილმა ლა ლიგა 2-ში უკვე თითო-თითო გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.