Belive

აქტობეს მწვრთნელი: "ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, საფეხბურთო მოედანზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს"

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ქუთაისის "ტორპედოსთან" გამარჯვების შემდეგ, "აქტობეს" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი კარპოვიჩმა კომენტარი გააკეთა და შეხვედრა შეაფასა.

"პირველ რიგში გულშემატკივრებს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან და საჭირო გამარჯვებას. ევროპულ ტურნირებზე სტარტს დიდი ხანია ველოდით და ძალიან გვიხარია, რომ ასე კარგად თამაში მოვახერხეთ.

მადლობას ვუხდი ფეხბურთელებს, რაც ვუთხარი, მოისმინეს, პრაქტიკაში ასახეს, ითამაშეს სწორად და საკმაოდ ორგანიზებულად. ვფიქრობ, რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, წინ საპასუხო მატჩია და საფეხბურთო მოედანზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ლუკა გადრანი? ძალიან მძიმეა ერთ-ერთი წამყვანი მცველის დაკარგვა. დაზიანების სიმძიმე არ ვიცით, იმედია სერიოზული არაფერია. ჯერ მან სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს. რაც შეეხებათ ახალწვეულებს, ისინი შემდეგ მატჩში ითამაშებენ. გვყავს ტრავმირებული ფეხბურთელები და ასევე ყვითელი ბარათების გამო მიღებული დისკვალიფიკაციის შედეგად ორი მოთამაშე დაგვაკლდება: შომკო და რაიკოვიჩი. ახალწვეულ ფეხბურთელებს იმის დრო არ აქვთ, რომ სრულფასოვნად მოემზადნონ, თუმცა ისინი ვალდებულები არიან, რომ დაგვეხმარნონ. ყველას იმედი გვაქვს", - თქვა "აქტობეს" მთავარმა მწვრთნელმა.

გუნდებს შორის ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართული პირველი მატჩი სტუმართა გამარჯვებით - 4:1 დასრულდა, ყაზახები საპასუხო შეხვედრას 3 აგვისტოს უმასპინძლებენ. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები