ანტალიის გრანდ სლემი - ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია
31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, თურქეთის ქალაქ ანტალიაში, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრი - ანტალიის გრანდ სლემი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 7 სპორტსმენით იასპარეზებს.
რამდენიმე წუთის წინ კი, ანტალიის გრანდ სლემის წილისწყრა გაიმართა, სადაც ქართველი სპორტსმენების მეტოქეები და საშეჯიბრო ბადეები გაირკვა.
60 კგ |
60 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას ლუხუმ ჩხვიმიანი დაიცავს. ჩხვიმიანი განთესილი იქნება და D ბადეში მიიღებს მონაწილეობას.
ქართველი ფალავანი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც კვიპროსელ - პეტროს კრისტოდოულიდისს შეხვდება.
აღსანიშნავის ის ფაქტი, რომ ჩხვიმიანს ბადეში, წარმოშობით ქართველი, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსმედალოსანი - ლუკა მხეიძე ჰყავს.
73 კგ |
73 კგ წონით კატეგორიაში, 2020 წლის შემდეგ ტატამზე პირველად იასპარეზებს - ლუკა კაპანაძე.
ლუკა კაპანაძე C ბადეში განუთესავია, შესაბამისად ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ერთვება და მას ალბანელი მეტოქე - ინდრიტ კულიაჰი ეყოლება.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლუკას ბადეში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, მონღოლი - ცენდ-ოჩირ ცონგბაატარი ჰყავს, რომელიც ზუსტად 1 კვირის წინ, თბილისის გრანდ სლემზე, ლუკას ძმამ - კოტე კაპანაძემ დაამარცხა.
90 კგ |
90 კგ წონით კატეგორიაში 2 წარმომადგენელი გვეყოლება: ნიკა ხარაზიშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი.
ნიკა ხარაზიშვილი A ბადეში განუთესავია, შესაბამისად შეჯიბრს პირველივე ეტაპიდან იწყებს, სადაც ბრაზილიელ - ჯოვანი ფერეირას დაუპირისპირდება. ბრაზილიელი მეტოქის დამარცხების შემთხევაში კი, ქართველის მეტოქე, ისრაელის წარმომადგენელი - ლი კოჩმანი იქნება.
რაც შეეხება ავთანდილ ჭრიკიშვილს, ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი ტატამზე დიდხნიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. მას საკმაოდ რთული ბადე აქვს. პირველივე ეტაპზე მას საკმაოდ ძლიერი ბელგიელი - სამი ჩოუჩი შეხვდება.
100 კგ |
100 კგ წონით კატეგორიაში ომარ საური იასპარეზებს. ომარი ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან იწყებს, სადაც ბრაზილიელ - ლეონარდო გონსალვეშს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში კი ქართველის მეტოქე, მონღოლი - გონჩიგსურენ მატჰუიაგი იქნება.
+100 კგ |
მამაკაცთა მძიმე წონით კატეგორიაში, საქართველოს დროშის ქვეშ - ლევან მატიაშვილი იასპარეზებს. ლევანი განუთესავი იქნება, შესაბამისად ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან იწყებს, სადაც ალჟირელ - მოჰამედ ელ მეჰდი ლილს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი მატიაშვილი, ლეგენდარულ ბრაზილიელ - რაფაელ სილვას შეხვდება.
+78 კგ |
+78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილი იჭიდავებს. სოფიო D ბადეში განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც ხორვატ - ივანა მარანიჩს დაუპირისპირდება.