ალექსანდრე იაშვილი: "ნაკრები მოსამზადებელი პერიოდისთვის ავსტრიაში გაემგზავრება"
7 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ევრო 2024-სთვის მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა კომენტარი რამდენიმე თემის შესახებ გააკეთა.
"გვსურდა, რომ საქართველოში ამხანაგური მატჩი ჩაგვეტარებინა, მაგრამ მეტოქემ, რომელთანაც შეთანხმებულები ვიყავით, ჩვენთან შეხვედრა აღარ ისურვა. დარჩენილი მეტოქეებიდან არჩევანის გაკეთება არ გვინდოდა და ამიტომ, საშინაო ამხანაგურ მატჩს აღარ ჩავატარებთ. პირდაპირ ავსტრიაში გავემგზავრებით და ევროპის ჩემპიონატისთვის იქ მოვემზადებით, რადგან გვსურს, აკლიმატიზაცია კარგად გავიაროთ და გერმანიასთან რაც შეიძლება ახლოს ვიყოთ. ამიტომ, არჩევანი ავსტრიაზე გავაკეთეთ.
გიორგი ლორიას ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში დისკვალიფიკაცია ექნება, მაგრამ ამის შემდეგ მას თამაშის უფლება ექნება.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები თავის გუნდებში ძალიან წარმატებულად თამაშობენ და ეს გუნდში კონკურენციას ზრდის, რაც ხარისხის ზრდას ემსახურება. რა თქმა უნდა, დიდ ტურნირზე გასვლა ფეხბურთელებს წნეხს მოუხსნის და ფსიქოლოგიურად გაცილებით უფრო დამშვიდებულები იქნებიან. ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ სათამაშოდ არ მივდივართ, ჩვენი მიზნები და ამბიციები გვაქვს და გვინდა, რომ პლეი-ოფში გავიდეთ.
ჩვენმა ფეხბურთელებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თავიანთი ქვეყნის ნაკრების მაისურის მორგებაა და მათი მთავარი კონცენტრაციის ობიექტი სწორედ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით თამაში იქნება", - თქვა ალექსანდრე იაშვილმა.
საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-მდე ერთი ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი, 9 ივნისს, მონტენეგროსთან სტუმრად, პოდგორიცაში. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, აქ ჩვენი გუნდი ისტორიაში პირველ შეხვედრას 18 ივნისს, დორტმუნდში, "სიგნალ იდუნა პარკზე", თურქეთის ნაკრებთან გამართავს.