ალექსანდრე იაშვილი: "გვიხარია, რომ ქართველი გულშემატკივრები გასვლით მატჩებზეც ჩვენს გვერდით არიან"
2 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებების პირისპირ გასამართ მატჩებამდე, საქართველოს ნაკრების მენეჯერი და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი პრესკონფერენციას მართავს და მოახლოებულ მატჩებთან და სხვა თემებთან დაკავშირებით საუბრობს.
"ხალიდ დოლტმურზიევი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც დინამო თბილისის აკადემიის ფეხბურთელია. მას ჯერ დინამოს მთავარ გუნდში რეგულარულად არ უთამაშია და ნაკრებში ამ მომენტში გამოძახება მისთვის შესაძლებელია კარგი არ გამოდგეს. ჩვენ რა თქმა უნდა, ყველა ტალანტს ვაკვირდებით და ნაკრების კარი ყველასთვის ღია იქნება.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკლუბო ფეხბურთის განვითარება. რაც უფრო მეტად გამართულია ჩემპიონატი და გუნდები, მით უკეთ ფორმაში მოდიან საქართველოს ასაკობრივ და მთავარ ნაკრებებში ფეხბურთელები. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისთვის, იდეებისთვის, რადგან ქართული კლუბების წარმატება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ვამაყობთ, რომ ქართველი გულშემატკივრები გასვლით შეხვედრებს რეგულარულად ესწრებიან. როგორც ესპანეთში, ისე თურქეთში, ძალიან ბევრი ბილეთია გაყიდული. გვიხარია და ეს ჩვენთვის განსაკუთრებული მოტივაციაა.
გიორგი ჩაკვეტაძე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფეხბურთელებს, ყველას გამოგვიცდია ტრავმები და რთული პერიოდი, მაგრამ ვიცი მისი ფეხბურთისადმი დამოკიდებულება და პროფესიონალიზმი და მჯერა, რომ ძალიან ძლიერი დაბრუნდება.
გერმანიაში მოთამაშე ქართველ ლეგიონერებს გამოწვევები აქვთ, მაგრამ მე როგორც მწვრთნელი, არსებულ რეალობას და რესურსს უნდა მოვერგო. მართალია ჰამბურგი ახლა ამოვიდა ბუნდესლიგაში, მაგრამ ისტორიულად ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია და გიორგი გოჩოლეიშვილი დიდ გამოცდილებას მიიღებს. - ამბობს ალექსანდრე იაშვილი.
საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს ესპანეთს, ხოლო 14 რიცხვში თურქეთს სტუმრად შეხვდება.