ახალგაზრდული ნაკრების მცველი სლოვაკეთის მეორე ყველაზე ტიტულოვან გუნდში ითამაშებს
საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის გამოცდილების მქონე ცენტრალური მცველი, ალექსანდრე ნარიმანიძე კარიერას სლოვაკეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.
ალექსანდრე ნარიმანიძე გურამ კაშიასა და ვლადიმირ ვაისის ბრატისლავის "სლოვანის" შემდეგ მეორე ყველაზე ტიტულოვანი გუნდის, "ჟილინას" ფეხბურთელი გახდება.
19 წლის ფეხბურთელმა "ჟილინასთან" სამწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალ გუნდში გადასვლით ბედნიერება გამოხატა.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ საფეხბურთო ოჯახის ნაწილი გავხდი. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს წინა გუნდს, "იბერიას", რომელმაც გამზარდა. მოუთმენლად ველი ახალ გამოწვევას, ახალ გამოცდილებას და ჩემს დებიუტს.
გუნდში ძალიან შრომისმოყვარე და პროფესიონალური გარემოა. ყველაზე მეტად ჩვენი სათამაშო სტილი მომწონს. აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ. ვხვდები, რომ "ჟილინას" შეუძლია ახალგაზრდა ფეხბურთელს განვითარებისთვის შესანიშნავი გარემო შეუქმნას.
ვიცნობ ლუკა ლოჩოშვილის, ასევე პირადად ვესაუბრე გურამ კაშიას, რომელმაც ყველაფერი მითხრა სლოვაკური ფეხბურთის შესახებ. ამ საუბრის შემდეგ, მოუთმენლად ველოდები ლიგის დაწყებას. ვფიქრობ, სლოვაკეთის ჩემპიონატი საქართველოს ლიგაზე ცოტათი უფრო წინ არის, სადაც ბევრმა ქართველმა ფეხბურთელმა მიაღწია წინსვლას და იმედი მაქვს, მე ერთ-ერთი მათგანი ვიქნები.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არ მითამაშია, "იბერია 1999-თან" ერთად ტიტულის მოგება მშვენიერი გამოცდილება გამოდგა და ბევრი რამ მასწავლა.
ზაფხულში, ევროპის ჩემპიონატი გველოდება და იქამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სათამაშო დრო მივიღო და 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ყურადღება მივიქციო", - ამბობს ალექსანდრე ნარიმანიძე.
"ჟილინა" სლოვაკეთის 7-გზის ჩემპიონი, ხუთგზის მეორე და ერთხელ მესამეადგილოსანია. ჩეხოსლოვაკიის არსებობს დროს გუნდი გაერთიანებული ჩემპიონატის გამარჯვებული ორჯერ გახდა და ერთხელ თასის ფინალში ითამაშა. ასევე, გუნდმა ქვეყნის თასი 2012 წელს მოიგო და ოთხჯერ ფინალი ითამაშა. "ჟილინას" თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალში, ჩემპიონთა და ევროპა ლიგების ჯგუფურ ეტაპზე უთამაშია. ამჯერად გუნდი სლოვაკეთის ჩემპიონატში 18 ტურის შემდეგ დაგროვებული 44 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ "სლოვანს" 3 ქულით ჩამორჩება, შემდეგ მატჩს კი 8 თებერვალს, "კოშიცესთან", საშინაო კედლებში უმასპინძლებს, შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. "ჟილინას" ისტორიაში სამ ქართველ ფეხბურთელს, გიორგი ციმაკურიძეს, ლუკა ლოჩოშვილს და გიორგი თევზაძეს უთამაშია.
ალექსანდრე ნარიმანიძე "იბერია 1999-ს" აღზრდილია, ის საქართველოს თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა, 19-წლამდელებს კაპიტნობდა, რამაზ სვანაძის გუნდში კი ყაზახეთთან მოგებულ (2:1) მატჩში მონაწილეობის მიღება მოახერხა.