აიაქსთან მატჩის შემდეგ. ირაკლი იეგოიანი ერედივიზიონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებისა და ექსელსიორის ცენტრალური ნახევარმცველი, ირაკლი იეგოიანი ნიდერლანდების ერედივიზიონის 21-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
ქართველი ნახევარმცველი როტერდამელთა სასტარტო თერთმეტეულის რეგულარული წევრია და ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის, ამსტერდამის აიაქსის პირისპირ მატჩშიც თამაში საწყისი წუთიდანვე დაიწყო. ექსელსიორი დედაქალაქურ გრანდთან ორბურთიანი სხვაობით აგებდა, მაგრამ 74-ე და 79-ე წუთებზე გატანილი გოლებით ქულის მოპოვება შეძლო.
ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მატჩში სრულად ითამაშა, ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ და პრესტიჟული მედია საშუალება ESPN-ის ნიდერლანდური ვერსიის მიხედვით შედგენილ ერედივიზიონის ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.
საუკეთესო თერთმეტეულში, ექსელსიორის ერთადერთი წარმომადგენელი სწორედ ირაკლი იეგოიანია, რომელიც ამ სეზონში სხვადასხვა მედია საშუალებებმა უკვე მესამედ აღიარეს.
21 წლის ფეხბურთელს ერედივიზიონში ამ სეზონში უკვე 3 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული, მისი გუნდი კი 21 ტურის შემდეგ დაგროვებული 23 ქულით სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციას იკავებს და შემდეგ მატჩს 6 თებერვალს, ბრედას პირისპირ სტუმრად გამართავს.