Belive

აბუ დაბის გრანდ სლემი: დღე I - ტატამზე 5 ქართველი გამოვა

2 წლის წინ ქართული სპორტი
4 წთ

21-23 ოქტომბერს, გაერთიანებული საამიეროების დედაქალაქ – აბუ დაბიში, ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 13 სპორტსმენით წარსდგება.

გრანდ სლემი სტარტს ხვალ, 21 ოქტრომბერს აიღებს და პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამზე 5 ქართველი ძიუდოისტი გამოვა. მამაკაცებიდან -60 და -66 კგ წონითი კატეგორიები, ხოლო ქალებიდან კი -48 კგ, -52 კგ და -57 კგ წონითი კატეგორიები იასპარეზებენ.


-60 კგ წონითი კატეგორია

-60 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას თემურ ნოზაძე და გიორგი სარდალაშვილი დაიცავენ.

თემურ ნოზაძე B ბადეში განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადც მისი მეტოქე, ფრანგ - რიჩარდ ვერგნესა და მოლდოველ - ალექსანდრუ ტირსინას შორის გაირკვევა. მესამე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი, ტაჯიკ - მუსლიმბეკ კარიმოვსა და გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ - აჰმედ ალ ნაქბის შორის გამარჯვებული იქნება. B ბადეში თემურ ნოზაძე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, მასთან ერთად კი წარმოშობით ქართველი, ნიდერლანდების სახელით მოასპარეზე - თორნიკე ჭკადუა იასპარეზებს და ისინი შესაძლოა ერთმანეთს 1/4-ფინალში შეხვდნენ.

რაც შეეხება გიორგი სარდალაშვილს, 19 წლის ქართველი მსოფლიო ჩემპიონი (ახალგაზრდებში) განთესილი იქნება და ასპარეზობაში D ბადეში, მეორე ეტაპიდან იწყებს.

სარდალაშვილის მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი - მატან კოკოლაიევი იქნება, მისი დამარცხების შემთხვევაში კი გიორგი, ფრანგ - მაქსიმ მერლინსა და ქუვეითელ - მეშალ ალალს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სარდალაშვილის ბადეში გამორჩეული ფავორიტი ესპანელი - ფრანცისკო გარიგოსი იქნება, რომელიც პირველივე ეტაპზე საკმაოდ გამოცდილ ჩეხ - დავიდ პულკრაბეკს შეეჭიდება.


-66 კგ წონითი კატეგორია

-66 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას 2 სპორტსმენი დაიცავს.

თითქმის 1 წლიანი პაუზის შემდეგ, ტატამს უბრუნდება - ბაგრატ ნინიაშვილი. მან ბოლოს 2021 წლის ბაქოს გრანდ სლემზე იასპარეზა, სადაც მე-7 ადგილი დაიკავა.

ნინიაშვილი განთესილი იქნება და ასპარეზობას A ბადეში, მეორე ეტაპიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე, პოლონელი - პატრიკ ვავრიჩჟეკი იქნება. პოლონური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი ინდოელ - ნიტინ ჩაუჰანს შეხვდება. მის ბადეში მთავარი ფავორიტი, უკრაინელი - ბოგდან იადოვი იქნება, რომელიც მოქმედი ევროპის ჩემპიონია.

რაც შეეხება გიორგი თუთაშვილს, თუთაშვილი 2022 წლის თბილისის გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონია. იგი თბილისის გრანდ სლემზე ტრავმის გამო ფინალში ვერ გამოცხადდა და სწორედ მას შემდეგ მხოლოდ ერთ შეჯიბრზე - ობერვარტის ღია პირველობაზე იჭიდავა.

თუთაშვილი C ბადეში განუთესავია, შესაბამისად ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც ყაზახი მეტოქე - იესეტ კუანოვი ეყოლება. ყაზახური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი გიორგი ეგვიპტელი მეტოქეს - მოჰამედ აბდელმაგვოდს შეხვდება.

თუთაშვილის ბადეში პირველ ნომრად განთესილი ესპანელი ძიუდოისტი - ალბერტო გაიტერო მარტინია.


-57 კგ წონითი კატეგორია

-57 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას - ეთერ ლიპარტელიანი დაიცავს.

ეთერი A ბადეში განთესილია და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ერთვება, სადაც მისი მეტოქე საუდის არაბეთის წარმომადგენელ - ღადაჰ ალატეიკსა და იტალიელ - ჟულია საგიანოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ექსპერტების აზრით, ეთერ ლიპარტელიანს 1/2-ფინალში გასვლა არ უნდა გაუჭირდეს. 1/2-ფინალში კი მისი სავარაუდო მეტოქე მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, კოსოვოელი - ნორა გიაკოვა იქნება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 10:00, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები