2025 წლის სადებიუტო ევროტურნირების კვირა: ქართველი ლეგიონერების განრიგი
2025 წლის საწყისი ევროპული ტურნირების კვირა 21 იანვრიდან აიღებს სტარტს. ჩემპიონთა და ევროპა ლიგის ლიგის ფაზები გადამწყვეტ ფაზაშია და აქ გუნდებს მეშვიდე ტურის მატჩების გამართვა მოუწევთ.
ორივე ტურნირზე ქართველი ფეხბურთელები გამოსვლას აგრძელებენ და თითქმის ყველა მათგანს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი აქვს. უახლოეს სათამაშო კვირაში ქართველი ლეგიონერების განრიგი ასეთია:
ჩემპიონთა ლიგა
"ატალანტა" - გრაცის "შტურმი", 21 იანვარი, 21:45 საათი
ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმი" ევროპა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ და იტალიის ჩემპიონობისთვის მებრძოლ ბერგამოს "ატალანტას" ესტუმრება. ქართველი ფეხბურთელის გუნდს ტურნირზე მხოლოდ "ჟირონასთან" მოპოვებული გამარჯვებით დაგროვებული 3 ქულა აქვს, ყველა დანარჩენი მატჩი კი ავსტრიის მოქმედმა ჩემპიონმა წააგო და ახლა 29-ე ადგილს იკავებს. საქართველოს ნაკრების ცენტრალურ ნახევარმცველს ტურნირზე გოლიც აქვს გატანილი, მისი გუნდი კი შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს კვლავ ინარჩუნებს.
ბრატისლავის "სლოვანი" - "შტუდგადი", 22 იანვარი, 00:00 საათი
საქართველოს ნაკრების კაპიტნის გურამ კაშიას და ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ბრატისლავის "სლოვანი" "იანგ ბოიზსა" და "ლაიპციგთან" ერთად ტურნირის იმ ტრიოში იმყოფება, რომელიც კვლავაც სეზონის სადებიუტო ქულის მოპოვების ძიებაშია. "სლოვანს", რომელსაც ურთულესი კალენდარი აქვს, თავის ისტორიაში სადებიუტო ჩემპიონთალიგური სეზონის მეშვიდე სათამაშო კვირაში გერმანიის ბუნდესლიგის წინა სეზონის გამორჩეულ გუნდ "შტუდგარდთან" საშინაო შეხვედრა ელოდება. სლოვაკეთის ყველაზე ტიტულოვან და წარმატებულ გუნდს 35-ე პოზიცია უკავია და მხოლოდ შვეიცარიულ "იანგ ბოიზს" ბურთების უკეთესი შეფარდებით უსწრებს.
დონეცკის "შახტარი" - "ბრესტი", 22 იანვარი, 21:45 საათი
ირაკლი აზაროვის დონეცკის "შახტარი", რომელსაც უკრაინის ჩემპიონატში შესვენება აქვს და ზამთრის შეკრებას გადის, ლიგა 1-ის წინა სეზონის მთავარ აღმოჩენას, "ბრესტს" გელზენკირხენში, "ველტინს არენაზე" უნდა უმასპინძლოს. ქართველ ფეხბურთელს, რომლის გუნდიც 4 ქულას ფლობს და პლეი-ოფის ზონას 3 საფეხურით ჩამორჩება, ამ სეზონში მთავარ ევროპულ ტურნირზე არ უთამაშია. უკრაინული მედია ამბობს, რომ მთავარი მწვრთნელი მისი გასულ პერიოდში ნაჩვენები სათამაშო ფორმით კმაყოფილია და დიდი ალბათობით, ეს ის მატჩი იქნება, სადაც 22 წლის ფლანგის ფეხბურთელი სადებიუტოდ ითამაშებს, თანაც მას ძირითად შემადგენლობაში ელიან.
"პსჟ" - "მანჩესტერ სიტი", 23 იანვარი, 00:00 საათი
ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ-ში" ტრანსფერის შემდეგ, გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე საწყის შეხვედრას ითამაშებს. ქართველ ფეხბურთელს, როგორც უკვე გამცნეთ, ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება უეფას რეგლამენტის გამო არ შეეძლება, "პარი სენ-ჟერმენისთვის" კი ეს სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი შეიძლება გამოდგეს. გუნდი 7 ქულით 25-ე ადგილზეა და "მანჩესტერ სიტის" ხვდება, რომელიც ასევე არასახარბიელო ფორმაშია და ტურნირის ექს-ჩემპიონს 22-ე პოზიცია უკავია.
ევროპა ლიგა
"ფენერბახჩე" - "ლიონი", 23 იანვარი, 00:00 საათი
გიორგი მიქაუტაძის გუნდს ევროპა ლიგაზე მშვენიერი სეზონი აქვს: გუნდი 4 გამარჯვებით და 1 ფრით 13 ქულას ფლობს და მეოთხე ადგილზეა, ლიდერ "ლაციოსა" და ბილბაოს "ატელტიკს" 3 ქულით ჩამორჩება. თავად 24 წლის ქართველ ცენტრალურ ფორვარდს 2 გოლი აქვს გატანილი და ამ ტურნირზე უმეტესად, ძირითად შემადგენლობაში ხვდება.
"რფს" - "აიაქსი", 24 იანვარი, 00:00 საათი
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფლანგის ფეხბურთრელის, ლაშა ოდიშარიას გუნდი საშინაო კედლებში ამსტერდამულ გრანდს მიიღებს. "რიგის საფეხბურთო სკოლამ", რომელიც სულ 20 წლის დაარსებულია, ლატვიური ფეხბურთის ისტორიის დაწერას ახერხებს და ევროპა ლიგაზე დებიუტი აქვს, სადებიუტო ქულაც ქართველი ფეხბურთელის გოლით "გალათასარაისთან" აიღო. ლატვიელებს ორჯერ ნათამაშები ფრით 34-ე ადგილი უჭირავთ და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს ორივე მატჩის მოგება აძლევთ.