2025 | ქართული რაგბის წლის შეჯამება
ქართული რაგბის 2025 წლის შემაჯამებელი სტატიის წერისას ვისურვებდი, რომ საუბარი ისეთივე მაჟორულ ნოტაზე დამესრულებინა, როგორც წელი დაიწყო. რაგბი ევროპის ჩემპიონატის სტარტზე, წლის პირველ შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შვეიცარიის ნახევრად სამოყვარულო ნაკრებს დაუპირისპირდა და 110:0 გაიმარჯვა.
რა თქმა უნდა, შვეიცარია ჩვენი საპირწონე არაა და არც ეს სოლიდური გამარჯვება გამოკვეთდა რაიმე სახის კონტურს, თუმცა, წლის ასეთი დამაჯერებელი გამარჯვებით დაწყება ნამდვილად სასიამოვნო იყო. ობიექტურობა მოითხოვს ისიც ითქვას, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი დიდი ხანია აღარაა იმ დონის ტურნირი, რომელზეც ვინმე სერიოზულ წინააღმდეგობას გვიწევს. ჩვენი ნაკრები ევროპის რანგით მეორე დონის სანაკრებო ტურნირისთვის ზედმეტად გადაზრდილია - 6 ერში კი ჯერ არავინ გვიხმობს.
როგორც მოსალოდნელი იყო, ბორჯღლოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი ამჯერადაც ერთი ამოსუნთქვით მოიგეს. შვეიცარიის, ნიდერლანდებისა და ესპანეთის ბარიერის დაძლევის შემდეგ, პლეი-ოფში რუმინეთს ვძლიეთ, ფინალში კი კვლავ ესპანეთს დავუპირისპირდით და დავამარცხეთ.
რაგბი ევროპა
საქართველო 110:0 შვეიცარია
საქართველო 40:7 ნიდერლანდები
ესპანეთი 32:62 საქართველო
საქართველო 43:5 რუმინეთი
საქართველო 46:28 რუმინეთი
ჩვენმა ნაკრებმა პირველი ცივი შხაპი ზაფხულის ტესტებზე მიიღო, როდესაც მიჯრით 3 მატჩში (ირლანდია, ჩიტასი, სამხრეთ აფრიკა) დამარცხდა. მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან მარცხი დიდად გულდასაწყვეტი არაა - ეს უფრო გამოცდილების მიღებაში დაგვეხმარა, მაგრამ ჩიტასთან დამარცხებული ნაკრების ხილვა, ნამდვილად გულდასაწყვეტი იყო, ისევე როგორც მიხეილ მესხზე, ირლანდიის საკმაოდ გადახალისებულ ნაკრებთან უშანსო მარცხი.
ზაფხულშივე ჩვენი ნაკრების სათამაშო სტილს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა - მაშინ, როდესაც პორტუგალია და ესპანეთი მუდმივად ცდილობენ, რომ თანამედროვე რაგბს ფეხი აუწყონ და რაც შეიძლება მეტი ითამაშონ ხელით, ჩვენი ნაკრები რიგ შემთხვევაში ძველ და კარგად ნაცად ხერხს მიმართავდა, თუმცა ერთი რამ ცხადია: ძალა აღმართს ვეღარ ხნავს და ჯიუტად შერკინებით ფონს გასვლას დღეს ნაკლებად თუ ვინმე ახერხებს.
ძირითადი აქცენტი ხაზზე, სისწრაფეზე, ხელით თამაშსა და ისეთ ასპექტებზე კეთდება, რაც ძალიან დასახვეწი გვაქვს და რისი გამოსწორებაც რიჩარდ ქოქრილმა ვერ შეძლო... ამ ყველაფერს საბავშვო და საფესტივალო ასაკიდანვე სწორი მიდგომა და სწავლება სჭირდება, რათა მოგვიანებით ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებში კონკურენცია და თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდოს.
ზაფხულის ტესტები
საქართველო 5:34 ირლანდია
ჩიტასი 24:20 საქართველო
სამხრეთ აფრიკა 55:10 საქართველო
ნოემბრის ტესტები აშშ-სა და კანადის ნაკრებებთან გამარჯვებით დავიწყეთ, მაგრამ ორივე შეხვედრაში გამოჩნდა, საგანგაშო ნიშნები, რომლებიც მომავალ მეტოქესთან აუცილებლად დაგვასვამდა დაღს. აშშ-ს მოვუგეთ, თუმცა ასეთი კალიბრის ნაკრებისგან საწყის 18 წუთში გაშვებული 3 ლელო, ნამდვილად საგანგაშოა....
წუნი ხელით თამაშში, გააზრებული კომბინაციების ნაკლებობა, რიგ ეპიზოდებში უდისციპლინობა, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, არასრული ჩამონათვალია იმისა, რაც ამერიკისა და კანადის წინააღმდეგ მატჩებში ვიხილეთ, მაგრამ მთავარი დაპირისპირება იაპონიასთან გველოდა, სადაც სასწორზე ბევრი რამ იდო.
იაპონიასთან თამაში ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორსაც გულშემატკივრები ველოდით - ბრძოლა ბოლო წუთამდე! ამ ბრძოლაში კი გაიმარჯვებდა ის, ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებდა. სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, რომ მეტოქეს გამარჯვება ჩვენ გავატანეთ. დამაგვირგვინებელ ფაზაში ბურთის ხელიდან გავარდნა, არასაჭირო ჯარიმის მიღება და მატჩის დასრულებამდე 1 წუთით ადრე, როდესაც თამაშს ვიგებდით ფეხით თამაში და ბურთის მეტოქისთვის გადაცემა ის დამღუპველი შეცდომები აღმოჩნდა, რომელმაც მატჩის შედეგი გადაწყვიტა.
ნოემბრის ტესტები
საქართველო 43:30 აშშ
საქართველო 38:17 კანადა
საქართველო 23:25 იაპონია
იაპონიასთან მარცხმა შედეგად გამოიწვია ის, რომ საქართველო რეიტინგში მე-12 პოზიციდაან, მე-13-ზე დაქვეითდა. ამან გავლენა მსოფლიო თასის წილისყრაზე მოახდინა, სადაც ჩვენი ნაკრები მესამე კალათში განითესა და ჯგუფში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონსა და ბოლო ათწლეულის პრინციპულ მეტოქე, იტალიასთან მოხვდა.
მსოფლიო თასის ჯგუფები
A-ჯგუფი: ახალი ზელანდია, ავსტრალია, ჩილე, ჰონგ კონგი.
B-ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, იტალია, საქართველო, რუმინეთი.
C-ჯგუფი: არგენტინა, ფიჯი, ესპანეთი, კანადა.
D-ჯგუფი: ირლანდია, შოტლანდია, ურუგვაი, პორტუგალია.
E-ჯგუფი: საფრნგეთი, იაპონია, აშშ, სამოა.
F-ჯგუფი: ინგლისი, უელსი, ტონგა, ზიმბაბვე.
ჩვენს მდგომარეობას ის გარემოებაც ამძიმებს, რომ მსოფლიო რაგბიმ ახალი ტურნირი დაამტკიცა. ამ ტურნირის პირველ დივიზიონში ჩვენი ადგილი არ მოიძებნა. დამაიმედებელი ვითარება არც პირველ პროფესიონალურ ქართულ ფრენჩაიზს აქვს - შავი ლომის გაერთიანებულ სარაგბო ჩემპიონატში (URC) ჩართვა ვერ მოხერხდა, ჩელენჯ ქაფის 4 მატჩი კი მნიშვნელოვანი პროგრესის საშუალებას არ გვაძლევს.
ერთა თასი
პირველი დივიზიონი: ირლანდია, საფრანგეთი, ინგლისი, უელსი, იტალია, შოტლანდია, ახალი ზელანდია, ავსტრალია, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, ფიჯი, იაპონია.
მეორე დივიზიონი: საქართველო, პორტუგალია, ესპანეთი, რუმინეთი, აშშ, კანადა, ჩილე, ურუგვაი, ტონგა, ზიმბაბვე, ჰონგ კონგი, სამოასა და ბელგიას შორის გამარჯვებული.
მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, ერთა თასის მეორე დივიზიონის A-ჯგუფში ევროპის, აზიისა და აფრიკის წარმომადგენლები მოხვდნენ, ხოლო B-ჯგუფს ამერიკისა და ოკეანეთის ერები დააკომპლექტებენ. კალენდარი შემდეგნაირად განაწილდა - ივლისში ბორჯღლოსნები 3 თამაშს სტუმრად ჩაატარებენ, ნოემბერში კი 3 თამაშს შინ გამართავენ.
მსოფლიო რაგბის ეს გადაწყვეტილება მძიმე დარტყმაა, როგორც საქართველოსთვის - ისე სხვა განვითარებადი ერებისთვის, რადგან მათ პირველი ეშელონის წარმომადგენლებთან თამაში აღარ შეეძლებათ და მხოლოდ მსოფლიო თასზე გაეჯიბრებიან. აღსანიშნავია რომ პირველ და მეორე დივიზიონებს შორის გავარდნა/აღზევების პლეი-ოფი 2030 წლამდე არ იმოქმედებს. პლეი-ოფში პირველი დივიზიონის ბოლოადგილოსანი და მეორე დივიზიონის გამარჯვებული შეხვდებიან ერთმანეთს.
World Rugby announce the future of Test Rugby with the introduction of the Nations Championship and the Nations Cup. pic.twitter.com/WhVfI3FSyz
— Forever Sports (@ForeverSportsOn) November 17, 2025
მოკლედ რომ ვთქვათ, წარუმატებელი 2025 წლის ბოლოს შედეგად მივიღეთ ის, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების, 20-წლამდელთა ნაკრებისა და 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელების პოსტები ვაკანტური გახდა.
ასაკობრივ ნაკრებებს ახალი მთავარი მწვრთნელები უკვე დაენიშნა. 18-წლამდელებს გიორგი ნემსაძე, ხოლო 20-წლამდელებს ვიტო კოლელიშვილი გაწვრთნის. მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებას ვუსურვებთ, ისევე როგორც ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილს ვუხდით უდიდეს მადლობას ნაკრებების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებსა და შავ ლომს, რიჩარდ ქოქრილის გათავისუფლების შემდეგ, პოსტი ამ დროისთვის ვაკანტურია და რაგბის კავშირი ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია.