Belive

2025 | ქართული ძიუდოს წლის შეჯამება

1 კვირის წინ ქართული სპორტი
7 წთ

2025 წელი ქართული ძიუდოს ისტორიაში განსაკუთრებული ასოებით ჩაიწერა. ეს იყო წელი, როდესაც ინდივიდუალური ოსტატობა გუნდურ ძალად გადაიქცა, ხოლო ტრადიცია - გამარჯვების ახალ სტანდარტად. ქართველი ძიუდოისტები არამხოლოდ მედლებისთვის იბრძოდნენ, არამედ აჩვენეს, რას ნიშნავს ერთიანობა, ხასიათი და ეროვნული სული ტატამიზე.

წლის მთავარი სიმბოლო კი უდავოდ გუნდური ტრიუმფი იყო - საქართველო ერთდროულად ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, რაც ქართულ ძიუდოს ახალ სიმაღლეზე აყენებს და მის ძალას მთელი სამყაროს წინაშე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატი - გუნდური ასპარეზობა, ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებს.
2025 წლის ევროპის ჩემპიონატი - გუნდური ასპარეზობა, ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებს.

გუნდური წარმატების პარალელურად, 2025 წელი ინდივიდუალური შედეგებით ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული სეზონი გამოდგა. წლის განმავლობაში ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე, გრანდ სლემებისა და გრან პრების სერიებში საერთო ჯამში ათეულობით მედალი მოიპოვეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ნაკრების სიღრმესა და სტაბილურობას.

ევროპის ჩემპიონატი

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა (2 ოქრო და 2 ვერცხლი).

ევროპის ჩემპიონები გახდნენ - გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და ილია სულამანიძე (100 კგ), ვიცე-ჩემპიონი გახდა ეთერ ლიპარტელიანი (57-კგ) და ასევე ევროპის ფინალი დათმო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ).

ამ ყველაფერს კი ჩვენმა გოგო-ბიჭებმა შემდეგ გუნდური ევროპის ჩემპიონობა დაუმატეს - აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გუნდურ სახეობაში, საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონობაში ლომის წვლილი ქართველმა ქალმა ძიუდოისტებმა შეიტანეს.

ილია სულამანიძე 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის უმაღლეს კვარცხლბეკზე

მსოფლიო ჩემპიონატი

მსოფლიო პირველობაზე საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი ელიტარული სტატუსი. ინდივიდუალურ ასპარეზობაზე ქართველი ძიუდოისტები პოდიუმზე არაერთხელ ასულან, ხოლო გუნდურ პირველობაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სეზონის მთავარ კულმინაციად იქცა.

ევროპის ჩემპიონატის მსგავსად, მსოფლიოს პირველობაზეც საქართველოს ნაკრების ნადავლი 4 მედალი იყო, საიდანაც მხოლოდ ერთი იყო ოქროსი, 2 ვერცხლის, ხოლო 1 ბრინჯაო.

მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ქართული ძიუდოს უდიდესი ისტორია დაწერა - ეთერ ლიპარტელიანმა, რომელმაც საოცარი მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატარა და გუნდურში ასპარეზობიანად 11/11 შეხვედრა მოიგო, საიდანაც 10 იპონით იყო.

ვერცხლის მედალი მოიგეს - ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100 კგ), ტატამიზე ახალმა დაბრუნებულმა ლუკა მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიგო (90 კგ), რაც მისი მომავალი კარიერისთვის უმნიშვნელოვანესი იყო.

აქაც, ევროპის ჩემპიონატის მსგავსად, ჩვენს გოგო-ბიჭებს გუნდურ პირველობაში ბადალი არ ჰყავდათ და სრულიად დამსახურებულ ოქროს მედალსაც დაეუფლნენ - მეტიც, ქართველებმა იაპონური ძიუდოს ჰეგემონია დაამხეს და ისტორიაში პირველად, იაპონიის ნაკრების გარდა, გუნდურ პირველობას ახალი ჩემპიონი ჰყავს.

ისტორიული კადრი | პირველი ქართველი ქალი მსოფლიო ჩემპიონი - ეთერ ლიპარტელიანი.

გრანდ სლემები

წლის განმავლობაში ქართველმა ძიუდოისტებმა წარმატებით იასპარეზეს IJF-ის მსოფლიო ტურზე. ქართველებმა მედლები მოიპოვეს მსუბუქ, საშუალო და მძიმე წონით კატეგორიებში, რაც ნაკრების მრავალფეროვნებასა და უნივერსალურობას უსვამს ხაზს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მედლები მოიპოვეს როგორც გამოცდილმა ლიდერებმა, ისე ახალგაზრდა სპორტსმენებმაც.

აღსანიშნავია თბილისის გრანდ სლემი, სადაც 2 ჩემპიონი გვყავდა - ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ).

ასევე ლაშა ბექაურმა (90 კგ) შეძლო და აბუ დაბის გრანდ სლემის ოქროს მედალი მოიპოვა.

წლის საუკეთესო დასასრული კი ტოკიოში შედგა, სადაც საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, მოქმედმა ევროპის ჩემპიონმა და ოლიმპიურმა ვიცე-ჩემპიონმა - ილია სულამანიძემ, ძიგარო კანოს ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრი (ტოკიოს გრანდ სლემი) ერთი ამოსუნთქვით მოიგო. ის მხოლოდ მეოთხე ქართველია, ვინც ტოკიოს გრანდ სლემზე ამის გაკეთება შეძლო - დავით ბოდაველი (საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში/1982), ავთანდილ ჭრიკიშვილი (2015), ბექა ღვინიაშვილი (2019).

ილია სულამანიძე - 2025 წლის ტოკიოს გრანდ სლემის ტრიუმფის შემდეგ.

გრან პრი

2025 წელს ქართველმა ძიუდოისტებმა გრან პრიზის ტურნირებზე ორი ოქროს მედლის მოპოვება მოახერხეს. ერთი შეხედვით, ეს მაჩვენებელი შეიძლება მოკრძალებულად მოგვეჩვენოთ, თუმცა რეალური სურათი ბევრად უფრო ფართო კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გრან პრის დონის შეჯიბრებებში იშვიათად ასპარეზობს. გუნდის ძირითადი სტრატეგია მიმართულია უფრო მაღალი რანგის ტურნირებისკენ - გრანდ სლემებისა და უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეჯიბრებებისაკენ, სადაც კონკურენცია გაცილებით ძლიერია და მიღწეულ შედეგებს უფრო დიდი სპორტული წონა აქვს.

სწორედ ამიტომ, გრან პრიზებზე მოპოვებული ორი ოქროს მედალი არა რაოდენობის, არამედ ხარისხისა და სწორად დაგეგმილი სეზონის დასტურია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქართული ძიუდო მიზანმიმართულად მიდის დიდი გამარჯვებებისკენ და ძალებს უმთავრესი აქცენტებისთვის ინახავს.

ორივე ოქროს მედალი ავსტრიის გრან პრიზე მოვიგეთ, სადაც გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ტრიუმფით დაასრულეს საკუთარი ასპარეზობა.

ავსტრიის გრან პრი | 90 კგ წონითი კატეგორიის კვარცხლბეკი - ოქროს მედალი გიორგი ჯაბნიაშვილს, ვერცხლის მედალი ტატო გრიგალაშვილს.

ასაკობრივი ნაკრებები

2025 წელი შედეგიანი იყო ახალგაზრდულ და ასაკობრივ კატეგორიებშიც. მიღწეულმა წარმატებებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართული ძიუდოს ძლიერი სარეზერვო რესურსი და მომავლისთვის საიმედო საფუძველი შექმნა.

ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი გიორგი ჯაბნიაშვილმა მოიპოვა (90 კგ). ვერცხლის მედლები მოიგეს - მათე გოგობერიშვილმა (60 კგ) და მათე ბერუაშვილმა (66 კგ). ბრინჯაოს მედლები კი - კოტე კაპანაძემ (73 კგ), შალვა გურეშიძემ (+100 კგ) და ნინო ლოლაძემ (57) მოიპოვეს.

კადეტებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა იოანე აბალაკი (+90 კგ). ვერცხლის მედალი მოიგო - გიორგი მუმლაძემ (81 კგ), ბრინჯაოს მედლები კი - ვასილ გამეზარდაშვილმა (73 კგ), გიორგი ზურაბაშვილმა (90 კგ), გიორგი ქარჩაიძემ (+90 კგ) და ქეთი რობაქიძემ (-70 კგ) მოიგეს.

ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული - გიორგი ჯაბნიაშვილი.

საბოლოოდ, 2025 წელი ქართული ძიუდოსთვის უბრალო კალენდარული წელი არ ყოფილა - ეს იყო გზავნილი ყველასთვის, რომ საქართველოში ძიუდო უკვე არა მხოლოდ ტრადიცია, არამედ ძალაა, რომელიც მუდმივად იზრდება და გამარჯვებებს სისტემურად ქმნის. ჩვენ ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ საუკეთესოობისკენ მიმავალ გზაზე ვართ და შესაძლოა, უკვე იმ წერტილზეც ვდგავართ, სადაც სხვებს ჩვენზე უნდა ეჭიროთ თვალი.

ამ შეგრძნებით, კიდევ უფრო ძლიერი მოლოდინით და უფრო დიდი ამბიციებით ვხვდებით 2026 წელს. წელს, რომელიც უკეთესი იმედის, ახალი მწვერვალებისა და ქართული ძიუდოს კიდევ უფრო ხმამაღალი ტრიუმფების წელი უნდა გახდეს!