2024 | ქართული სპორტის წარმატება
2024 წელი ქართული სპორტისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა. სპორტის სხვადასხვა სახეობაში, გულშემატკივარმა არაერთი გამორჩეული მომენტი იხილა და როგორც ინდივიდუალურმა სპორტსმენებმა - ასევე ეროვნულმა ნაკრებებმა, მსოფლიოს უდიდეს ფორუმებზე ბრწყინვალედ იასპარეზეს.
ისტორიული ევროპის ჩემპიონატი, ბრწყინვალე ოლიმპიური თამაშები, UFC-ს ორი ქართველი ჩემპიონი... ეს იმ ამაღელვებელი მომენტების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც ქართულმა სპორტმა 2024 წელი დაგვამახსოვრა.
ფეხბურთი
2024 წელი ქართული სანაკრებო ფეხბურთის არსებობის ისტორიაში საუკეთესო გამოდგა. სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების წინსვლას 21-წლამდელთა და ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდის ისტორიული შედეგები დაემატა.
21-წლამდელთა ნაკრებმა ისტორიაში სადებიუტოდ, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე ადგილის დაკავებით და შემდეგ პლეი-ოფში ხორვატიასთან გამარჯვებით მოიპოვა. რამაზ სვანაძის გაწვრთნილი ახალგაზრდული ნაკრები, ტურნირზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს - ქვეყნის მთავარმა საფეხბურთო გუნდმა არსებობის ისტორიაში სადებიუტოდ, დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა მიიღო. მარტში ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალსა და ფინალში გამარჯვებას ისტორიულ ევროზე ჯგუფური ეტაპის ბარიერის დაძლევა და მხოლოდ მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან ტურნირიდან გამოთიშვა მოჰყვა.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ურთულეს ჯგუფში თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ აღმოჩნდა, სადაც ჩეხეთთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, პორტუგალიის დამარცხება შეძლო. როგორც აღვნიშნეთ, სადებიუტო ევროზე საქართველო პლეი-ოფში გავიდა, სადაც ესპანეთთან დამარცხდა.
ისტორიაში სადებიუტო გახლავთ ის ამბავიც, რომ ჩვენმა გუნდმა ერთა ლიგის რანგით მეორე საფეხურზე, B ლიგაში ითამაშა, სადაც ბრწყინვალე სტარტის შემდეგ 4 მატჩში მხოლოდ 1 ქულას დავჯერდით და ახლა ადგილის შესანარჩუნებლად სომხეთთან გადამწყვეტი მატჩების ჩატარება მოგვიწევს.
ისტორიული გამოდგა სარეიტინგო წელიც, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს სანაკრებო რეიტინგს 2024 წელს 68-ე პოზიციაზე ასრულებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ნაკრები 2023 წლის იგივე პერიოდში, დასკვნით რეიტინგში, 77-ე ადგილს იკავებდა.
ჯამში საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2024 წელს 13 მატჩი გამართა, საიდანაც 5 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 5 მატჩში დამარცხდა.
· საქართველო 2:0 ლუქსემბურგი
· საქართველო 0:0 (4:2 პენ) საბერძნეთი
· მონტენეგრო 1:3 საქართველო
· თურქეთი 3:1 საქართველო
· საქართველო 1:1 ჩეხეთი
· საქართველო 2:0 პორტუგალია
· ესპანეთი 4:1 საქართველო
· საქართველო 4:1 ჩეხეთი
· ალბანეთი 0:1 საქართველო
· უკრაინა 1:0 საქართველო
· საქართველო 0:1 ალბანეთი
· საქართველო 1:1 უკრაინა
· ჩეხეთი 2:1 საქართველო
კალათბურთი
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისთვის 2024 წელი მძიმედ დაიწყო. გასულ წელს, სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის შემდეგ, საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის მე-4 საკვალიფიკაციო ეტაპზე მძიმე სტარტი აიღო, რასაც დანიასთან და სერბეთთან მარცხი მოჰყვა.
საქართველოს ნაკრები ჯერ ამხანაგურ მატჩში იტალიასთან, შმდეგ კი ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე, ლატვიასთან დამარცხდა. აღნიშნულ საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველომ ფილიპინების წინააღმდეგ გაიმარჯვა, მაგრამ ოლიმპიური საგზურისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
გარდამტეხი წლის დასკვნითი პერიოდი აღმოჩნდა, როდესაც ევრობასკეტის მე-4 საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ფინეთს ორივე შეხვედრაში სძლია.
ჯამში, 2024 წელს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 7 მატჩი გამართა, საიდანაც მხოლოდ სამჯერ გაიმარჯვა და 4 დაპირისპირებაში დამარცხდა.
· დანია 75:69 საქართველო
· საქართველო 63:76 სერბეთი
· იტალია 79:68 საქართველო
· საქართველო 55:83 ლატვია
· ფილიპინები 94:96 საქართველო
· ფინეთი 83:90 საქართველო
· საქართველო 81:64 ფინეთი
რაგბი
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისთვის 2024 წელი გერმანიასთან მატჩით დაიწყო და ტონგასთან დაპირისპირებით დასრულდა.
კალენდარული წლის პირველ შეხვედრაში, ბორჯღალოსნებმა გერმანია 28:17 დაამარცხეს. გერმანიის შემდეგ, ბორჯღალოსნებმა ნიდერლანდები, ესპანეთი, რუმინეთი და პორტუგალია დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ მეშვიდედ დაეუფლნენ, რითიც საკუთარი რეკორდი გააუმჯობესეს. ბორჯღალოსნებმა 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალია 36:10 დაამარცხა და ტიტული მე-16-ედ მოიპოვა.
რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფის შემდეგ, ზაფხული ტესტების ჯერიც დადგა, სადაც ბორჯღალოსნები პირველ მატჩში ფიჯისთან დამარცხდნენ, შემდეგ კი სენდაიში გამართულ დრამატულ მატჩში იაპონია დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში, იტალიისა და უელსის დამარცხების შემდეგ, იაპონია გახდა ტიერ 1-ის მესამე წარმომადგენელი, რომელიც საქართველომ დაამარცხა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია, ავსტრალიის წინააღმდეგ გამართული მატჩი, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ბოლო წუთამდე ბრძოლაში იყო და საბოლოოდ, უხვქულიანი დაპირისპირება მხოლოდ 11 ქულით, 40:29 დათმო.
შემოდგომის ტესტებზე, ბორჯღალოსნები ისტორიაში პირველად ახალი ზელანდია XV-ს დაუპირისპირდნენ და 13:31 დამარცხდნენ, რის შემდეგაც იტალიაში გაემგზავრნენ პრინციპულ მეტოქესთან შესახვედრად. გენუაში იტალიისა და საქართველოს დრამატული მატჩი გაიმართა, რომელიც „აძურის“ გამარჯვებით 20:17 დასრულდა. აღნიშნული მატჩის პირველი ტაიმი, ბორჯღლოსნებმა მოიგეს, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს. 2024 წლის დასკვნითი მატჩი თბილისში, „მიხეილ მესხზე“ გაიმართა, სადაც საქართველომ ტონგა უშანსოდ 22:7 დაამარცხა.
2024 წელს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 11 ოფიციალური მატჩი გამართა (7 გამარჯვება, 4 მარცხი).
· გერმანია 17:28 საქართველო
· საქართველო 31:10 ნიდერლანდები
· საქართველო 38:3 ესპანეთი
· საქართველო 43:5 რუმინეთი
· საქართველო 36:10 პორტუგალია
· საქართველო 12:21 ფიჯი
· იაპონია 23:25 საქართველო
· ავსტრალია 40:29 საქართველო
· საქართველო 13:31 ახალი ზელანდია XV
· იტალია 20:17 საქართველო
· საქართველო 22:7 ტონგა
MMA
შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მოყვარულებისთვის, 2024 წელი განსაკუთრებული გამოდგა. ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის (UFC) ოქტაგონზე, არაერთი გამორჩეული ბრძოლა ვიხილეთ, სადაც ქართველმა მებრძოლებმა მეტოქე გაანადგურეს.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელი UFC-ის ორი ქართველი ჩემპიონით დასრულდა, საიდანაც ერთმა, ილია თოფურიამ ლეგენდარული მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ, ტიტული წარმატებით დაიცვა. რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, „მანქანა“ ტიტულს 2025 წლის იანვარში, უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს.
ჩემპიონების, ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილის გარდა, 2024 წელს UFC-ს ოქტაგონზე, რომან დოლიძე, გურამ ქუთათელაძე და გიგა ჭიკაძე ვიხილეთ. ჯამში ჩვენმა მებრძოლებმა 9 ბრძოლა გამართეს, საიდანაც 7 ქართველების გამარჯვებით დასრულდა.
· ილია თოფურია: ალექს ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოუეი
· მერაბ დვალიშვილი: ჰენრი სეჰუდო, შონ ო’მალი
· რომან დოლიძე: ნასურდინ იმავოვი, ენტონი სმიტი, კევინ ჰოლანდი
· გურამ ქუთათელაძე: ჯორდან ვუჩენიჩი
· გიგა ჩიკაძე: არნოლდ ალენი
ოლიმპიური თამაშები
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა ნაკრებმა, 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა, სამივე სინჯის 7 მედლით დაასრულა.
საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო და აღსანიშნავია, რომ შვიდივე მედალი სპორტის ძალისმიერი სახეობების წარმომადგენლებმა მიიღეს ( 3 ძიუდო, 2 ჭიდაობა, 1 კრივი, 1 ძალოსნობა).
ძიუდო
ლაშა გუჯეჯიანის გაწვრთნილმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა 3 მედლით დაასრულა და ეს ოლიმპიური თამაშებიც ისტორიული გამოდგა.
ქართული ძიუდოს ისტორიაში 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს და მისი სახელი და გვარი - ლაშა ბექაურია, რომელმაც 2 ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვება 24 წლის ასაკში შეძლო.
ისტორიაში პირველად - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ ასპარეზობაში მიიღო მონაწილეობა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების სამივე მედალოსანი "გამოწვევა 2020"-ის წარმომადგენელია.
ოქროს მედალი - ლაშა ბექაური
ვერცხლის მედალი - ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე.
ოლიმპიური თამაშების გარდა, 2024 წელი ქართული ძიუდოსთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა - ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ბრწყინვალედ იასპარეზეს და ჯამში ამ ორ ტურნირზე 11 მედალი მოიპოვეს. (4 მსოფლიო, 7 ევროპა).
ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვეს.
ოქროს მედალი - გიორგი სარდალაშვილი (ყველაზე ახალგაზრდა ქართველი მსოფლიო ჩემპიონი - 20 წლის), ტატო გრიგალაშვილი
ვერცხლის მედალი - გურამ თუშიშვილი
ბრინჯაოს მედალი - ვაჟა მარგველაშვილი.
გარდა ინდივიდუალური ასპარეზობისა, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, შერეულ გუნდურ ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
2024 წლის ევროპის ჩემპიონატს ხორვატიამ, კერძოდ კი დედაქალაქმა ზაგრებმა უმასპინძლა, სადაც საქართველოს ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა, ეს ყველაფერი კი გუნდურ ასპარეზობაში მოპოვებული ვერცხლის მედლით დაგვირგვინდა.
ოქროს მედალი - ვაჟა მარგველაშვილი, ტატო გრიგალაშვილი
ვერცხლის მედალი - ილია სულამანიძე, გურამ თუშიშვილი
ბრინჯაოს მედალი - ლაშა შავდათუაშვილი, ლაშა ბექაური, ეთერ ლიპარტელიანი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა მოპოვებული 7 მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
ევროპის ჩემპიონატი კი შერეული გუნდური ასპარეზობითა და მოპოვებული ვერცხლის მედლით დავხურეთ, სადაც ფინალში საფრანგეთის ნაკრებთან 2:4 დავმარცხდით.
ჭიდაობა
საქართველოს მოჭიდავეთა ეროვნულმა ნაკრებმა, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა 2 მედლით დაასრულა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების უპირობო ლიდერმა, გენო პეტრიაშვილმა 125კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა, რითიც სამივე სინჯის ოლიმპიური მედალი შეკრა.
გენო პეტრიაშვილისთვის 2024 წელი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ვერცხლის მედალი მოიპოვა.
სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალს დაეუფლა გივი მაჭარაშვილი, რომელმაც ფინალამდე გზა ერთი ამოსუნთქვით გაიარა, ფინალში კი დასანანი შეცდომის გამო, ვერცხლის მედალს დასჯერდა. გივი მაჭარაშვილმა ოლიმპიურ ვერცხლთან ერთად, 2024 წელს ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალიც მოიპოვა.
ძალოსნობა
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნობაში ლაშა ტალახაძემ პირველობა ამჯერადაც არავის დაუთმო. და ფიცარნაგზე კვლავ საუკეთესო წონები დააფიქსირა. პარიზის ოლიმპიური თამაშები ლაშა ტალახაძის ტრიუმფით დასრულდა, რითიც მან რიოსა და ტოკიოს შემდეგ, ზედიზედ მესამე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.
კრივი
ქართველი მოკრივე, ლაშა გურული, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ლაშა გურულისთვის 2024 წელი იმ გარემოებითაც გამოდგა გამორჩეული, რომ ბელგრადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
- ბორჯღალოსნები
- ლაშა გურული
- საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
- ილია თოფურია
- საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები
- საქართველოს ძიუდოს ნაკრები
- ჯვაროსნები
- საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები
- ჭიდაობა
- გენო პეტრიაშვილი
- ლაშა ბექაური
- MMA
- კალათბურთი
- მერაბ დვალიშვილი
- კრივი
- ტატო გრიგალაშვილი
- ძიუდო
- რაგბი
- ფეხბურთი
- ოლიმპიური სახეობები