Belive

2 ოქრო 2 დღეში | ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი ჩემპიონები არიან

1 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს, ლაშა შავდათუაშვილმა, საქართველოს მე-2 ოქროს მედალი მოუტანა. ლაშა ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო და მთელი გზა ერთი ამოსუნთქვით გაიარა. პირველ შეხვედრაში, ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გერმანელ იგორ ვანდტკეს 3 შიდოთი მოუგო, შემდეგ ეტაპზე ირლანდიელი ჯოშუა გრინი ვაზარითა და იპონით დაამარცხა, მეოთხედფინალი კორეელი ჰეონჩეოლ კანგისთვის გამოდგა ბოლო შეხვედრა, ის შავდათუაშვილმა ზურზე სუფთად დააგდო, ნახევარფინალური დაპირისპირება, ტოჰან ბუტბულთან ვაზარით მიიყვანა ბოლომდე, ფინალში კი ბრწყინვალე გამარჯვება, საოცარი იპონით, რომელიც 32 წამში გააკეთა და ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე რუსი კარენ გალსტიანი გააკრა ბეჭებზე.

შავდათუაშვილმა, თბილისის გრანდ სლემი, კარიერაში მეორედ მოიგო. პირველად მან ეს 2022 წელს მოახერხა, 2021-სა და 2023-ში კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. თბილისის გრან პრი ლაშამ 2018 წელს მოიგო, 2014, 2015 და 2016 წლებში კი გრან პრის ბრინჯაოს მედლები აიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთო ჯამში, თბილისურ ტურნირებზე, შავდათუაშვილს უკვე 9 მედალი აქვს მოპოვებული.

საქართველოსთვის პირველი ოქროს მედალი გუშინ, ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა, სხვათაშოორის, ეს ეთერისთვის პირველი გრანდ სლემის ოქრო იყო და მან ამის გაკეთება სამშობლოში მოახერხა.

დღევანდელ საშეჯიბრო დღეს, ფინალურ ბლოკამდე მისვლა მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილმა შეძლო. ბრინჯაოს მოპოვების მშვენიერი შანსი ჰქონდა დიმიტრი გოჩილაიძეს (81 კგ), რომელიც რეპეშაჟში ბრაზილიელ გაბრიელ ფალკაოსთან დამარცხდა.

ხვალ თბილისის გრანდ სლემის ბოლო დღეა და მედლები ვაჟთა შორის 90, 100 და +100 კგ წონით კატეგორიებში, ხოლო ქალებში 78 კგ და +78 კგ-ებში უნდა გათამაშდეს.

სხვა სტატიები