Belive

ეთერ ლიპარტელიანი: "ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის გავაკეთეთ"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

23 აპრილს , მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატმა აიღო სტარტი, რომელიც 27 აპრილს, გუნდური პირველობითა და საქართველოს ჰიმნით დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი (ინდივიდუალური) 2 ოქროსა (სარდალაშვილი, სულამანიძე) და 2 ვერცხლის (ლიპარტელიანი, გრიგალაშვილი) მედლით დაასრულა, ყველაზე სასიამოვნო ფაქტი კი ბოლო საშეჯიბრო დღეს დაფიქსირდა, სადაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა.

ცალკე აღსანიშნია ის ფაქტი, რომ გუნდური პირველობის ჩემპიონობაში ლომის წვლილი შეიტანეს ქართველმა ქალმა გოგონებმა, რომლებმაც თითოეულ ბრძოლაში მთელი შესაძლებლობები ჩადეს და ფაქტიც სახეზეა - ეთერ ლიპარტელიანმა, მარიამ ჭანტურიამ და სოფიო სომხიშვილმა 9 ბრძოლა მოიგეს და მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ.

ევროპის ჩემპიონობის შემდეგ, საქართველოს ქალთა ძიუდოისტთა ნაკრების ლიდერმა და ევროპის ვიცე-ჩემპიონმა, ეთერ ლიპარტელიანმა პირველი კომენტარი გააკეთა.

"უბედნიერესი ვარ და რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებას და ეს ყველაფერი რაც გავაკეთეთ, ჩვენი ქვეყნისთვის იყო. საქართველოში უამრავი ადამიანი გავახარეთ რაც სპორტსმენისთვის უმნიშვნელოვანესია.

ინდივიდუალურ ასპარეზობაში ფინალში დავმარცხდი და დღეს გამარჯვება ძალიან დამეხმარა. გერმანიასთან მოგება ჩემი მთავარი მიზანი იყო, რადგან გერმანელთან დავმარცხდი ფინალში.

ეს გამარჯვება დიდი მოტივაცია იქნება ჩვენს ქვეყანაში ბავშვებისთვის, რომ ჩაერთონ ქალთა ძიუდოში." - ეთერ ლიპარტელიანი

ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის გუნდურ პირველობაზე მონაწილეობა ოთხივე ბრძოლაში მიიღო და დაუმარცხებლად იჭიდავა. მან ფინალში იტალიის ნაკრების წინააღმდეგ, საქართველოს ნაკრები გადაარჩინა და ანგარიში 3:3 გახადა.

სხვა სტატიები