Belive

აპოელის მწვრთნელი: "ქვილითაია და დვალი ჩვენი გუნდის წამყვანი ფეხბურთელები არიან"

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

კვიპროსის "აპოელის" მთავარმა მწვრთნელმა, რიკარდო სა პინტომ უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის "დილასთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

"ჩვენი მეტოქე საშინაო კედლებში ძალიან კარგად თამაშობს. მათ ეს შედეგებშიც ასახეს. 10 აგვისტოს თბილისში, რთული მატჩის მოლოდინი გვაქვს.

რა თქმა უნდა, ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ "აპოელი" ვართ. ჩვენი მენტალიტეტი ასეთია - ამბიციურები ვართ და ახლაც გამარჯვებაზე ვართ ფოკუსირებულები. 

რა თქმა უნდა, პირველივე მატჩში გამარჯვებაზე აქცენტის გაკეთებას შევეცდებით, მაგრამ თუ რაიმე მიზეზის გამო ეს არ გამოგვივიდა შევეცდებით, რომ კვიპროსზე, საპასუხო შეხვედრაში ყველაფერი ჩვენთვის სასურველი შედეგებით დავასრულოთ.

ჯერ გორის "დილასთან" მატჩებზე ვფიქრობთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვკონცენტრირდებით პლეი-ოფის რაუნდზე.

გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან. ისინი საერთაშორისო დონის და გამოცდილი მოთამაშეები არიან. ისინი ჩვენი გუნდის წამყვანი ფეხბურთელების რიგს მიეკუთვნებიან. სამშობლოში თამაში მათთვის დამატებითი მოტივაცია იქნება. ხვალ ემოციების დრო არ არის და ისინი მოედანზე იმ დავალების შესასრულებლად გავლენ, რომელიც გამარჯვებაა.

გორის "დილა" ყველა პოზიციაზე ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. განსაკუთრებულად ბრაზილიელ მოთამაშეებს და ასევე ტიერი გეილსა და ონორე გომისს გამოვარჩევ", - თქვა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

გორის "დილასა" და "აპოელის" მატჩი 10 აგვისტოს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები